პირველი ანესთეზია – როგორ გათავისუფლდა მედიცინა ტკივილისგან
1846 წლის 16 ოქტომბერი მედიცინის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა. სწორედ ამ დღეს ბოსტონის „Massachusetts General Hospital“-ის საოპერაციოში სტომატოლოგმა უილიამ თომას გრინ მორტონმა მსოფლიოს პირველად აჩვენა, რომ ქირურგიული ტკივილის დამარცხება შესაძლებელი იყო.
მორტონი დიდხანს ფიქრობდა ტკივილის გარეშე მკურნალობაზე. სტომატოლოგიური პრაქტიკიდან მას კარგად ახსოვდა პაციენტების ტანჯვა და შიში. სხვადასხვა ექსპერიმენტის შემდეგ მან არჩევანი გააკეთა ეთერზე — ქიმიურ ნივთიერებაზე, რომელიც ინჰალაციისას პაციენტს დროებით უგონოდ ხდიდა.
იმ დღეს საოპერაციოში შეიყვანეს პაციენტი, რომელსაც კისერზე კეთილთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა. ოპერაცია უნდა ჩაეტარებინა ცნობილ ქირურგს, ჯონ კოლინზ უორენს. სანამ ქირურგი საქმეს ხელს მოჰკიდებდა საქმეს, მორტონმა პაციენტს ეთერი შეასუნთქა სპეციალური ინჰალატორის მეშვეობით. რამდენიმე წუთში ის უგონოდ იყო.

ამის შემდეგ ოპერაცია დაიწყო. ქირურგმა სიმსივნე ყურადღებით ამოკვეთა და პროცედურა დასრულდა ისე, რომ ავადმყოფს არავითარი ძლიერი ტკივილი არ უგრძნია.
სამედიცინო საზოგადოებაში ეს მოვლენა დაუჯერებელი და თითქმის, სასწაული იყო. სწორედ ამ დღიდან დაიწყო ქირურგიის ახალი ეპოქა — ექიმებს უკვე შეეძლოთ უფრო ხანგრძლივი და რთული ოპერაციების ჩატარება, რასაც მანამდე ტკივილის შიში და პაციენტების წინააღმდეგობა უშლიდა ხელს.
მიუხედავად იმისა, რომ ანესთეზიის იდეა მხოლოდ მორტონის დამსახურება არ ყოფილა — აქამდე მსგავსი ექსპერიმენტები ჰქონდათ ჩატარებული სხვა მეცნიერებსაც, მაგალითად, ჰორუს უელსს (აზოტის ოქსიდით) და კრაუფორდ ლონგს (ეთერით), — სწორედ მორტონის საჯარო დემონსტრაციამ დაამტკიცა მისი პრაქტიკული ეფექტურობა და სამედიცინო გამოყენების პერსპექტივა.
მალევე ანესთეზიის მეთოდი გავრცელდა ევროპასა და ამერიკაში. მან რადიკალურად შეცვალა ქირურგიის ხასიათი და შესაძლებელი გახდა არა მხოლოდ სწრაფი ამპუტაციები, არამედ ხანგრძლივი და რთული ოპერაციებიც.