“სრულად ვიზიარებ პრეზიდენტ მაკრონის მიდგომას. რა თქმა უნდა, სწორია, როცა სახელმწიფო აკვირდება იმას, რომ ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატები მოქმედებდნენ ვენის კონვენციის ფარგლებში”, – ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რითაც საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც აშშ-ის ელჩი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა.
„ამა თუ იმ ქვეყნის პოლიტიკაზე საუბრისთვის არსებობენ პოლიტიკოსები, მათივე ქვეყნის ხელმძღვანელები. პრეზიდენტმა მაკრონმა სწორედ ამაზე ისაუბრა, რომ დიპლომატები დიპლომატიის ფარგლებში უნდა დარჩნენ, უნდა იყვნენ ხიდი ხელისუფლებებს შორის და არა აქტორები შიდა პოლიტიკაში. სრულად მისასალმებელია პრეზიდენტ მაკრონის ეს დამოკიდებულება. ვხედავთ, როდესაც სხვადასხვა ქვეყანა თავად ხდება ასეთი ჩარევის ობიექტი, მათ შორის გახსოვთ საფრანგეთის განცხადება არჩევნებში ჩარევაზე, როდესაც ილონ მასკთან დაკავშირებით ჰქონდათ პრეტენზიები, აცნობიერებენ თუ რამდენად მნიშვნელოვანია. იმედს ვიტოვებ, რომ ეს გამოცდილება სხვა თვალით შეახედებს და დააფიქრებს საკუთარ ქმედებებზე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.