ალბანეთმა მსოფლიოში პირველი ხელოვნური ინტელექტით შექმნილი მინისტრი დანიშნა
ალბანეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ხელოვნური ინტელექტი მინისტრად დანიშნა. ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ წერს.
მედიის ცნობით, იგულისხმება არა ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე პასუხისმგებელი მინისტრი, არამედ ვირტუალური მინისტრი, რომელიც პიქსელებისა და კოდისგან არის შექმნილი და ხელოვნური ინტელექტითაა აღჭურვილი.
როგორც ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა, ედი რამამ განაცხადა, მინისტრის სახელია დიელა, რაც ალბანურად მზის შუქს ნიშნავს და ის ყველა სახელმწიფო შესყიდვაზე იქნება პასუხისმგებელი.
მიმდინარე წლის ზაფხულში რამა ფიქრობდა, რომ ერთ დღეს ქვეყანას შეიძლებოდა ჰყოლოდა ციფრული ტექნოლოგიების მინისტრი და ხელოვნური ინტელექტის პრემიერ-მინისტრიც კი, თუმცა ცოტას თუ წარმოედგინა, რომ ეს დღე ასე სწრაფად დადგებოდა.
ტირანაში გამართულ სოციალისტური პარტიის ყრილობაზე რამამ მთავრობის ახალი კაბინეტის სხვა წევრებთან ერთად, დიელა წარადგინა – მთავრობის ერთადერთი ციფრული წევრი.
„დიელა [კაბინეტის] პირველი წევრია, რომელიც ფიზიკურად არ არსებობს, არამედ ხელოვნური ინტელექტის მიერ ვირტუალურადაა შექმნილი“, – განუცხადა რამამ პარტიის წევრებს.
მისივე თქმით, ტენდერებზე გადაწყვეტილებები „სამინისტროების გარეთ გადაინაცვლებს“ და „საჯარო შესყიდვების მინისტრის“, დიელას ხელში გადავა. მისი თქმით, ეს პროცესი ნაბიჯ-ნაბიჯ განხორციელდება, თუმცა საბოლოოდ, ალბანეთი გახდება ქვეყანა, სადაც „საჯარო ტენდერები კორუფციისგან 100%-ით დაცული და თანხები, რომლებიც ტენდერის პროცედურას გაივლის, 100%-ით გამჭვირვალე იქნება“.
„ეს არ არის სამეცნიერო ფანტასტიკა, ეს არის დიელას მოვალეობა“, – განაცხადა ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა.