მედია: გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ანტისემიტიზმს ომი გამოუცხადა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი მიუნხენში, რაიხენბახერ შტრასეს სინაგოგის ხელახლა გახსნაზე სიტყვით გამოვიდა, რომელიც ქალაქში ნაცისტური ეპოქის შემდეგ გადარჩენილი ერთადერთი ებრაული სალოცავი ადგილია.
“ჩვენ ვალდებულნი ვართ, ჩვენი ებრაელი თანამოქალაქეების წინაშე შევასრულოთ დაპირება. ეს ჩვენი ისტორიული მოვალეობაა. იმედი მაქვს, რომ მიუნხენში ხელახლა გახსნილი რაიხენბახშტრასეს სინაგოგა ებრაული ცხოვრების სახლად იქცევა“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.
მერცის თქმით, გერმანიის მთავრობა არ დაუშვებს ანტისემიტიზმის გამართლებას კულტურული ან სხვა თავისუფლების სახელით. კანცლერის განცხადებით, ებრაული ცხოვრება ქვეყანაში უსაფრთხოდ, პოლიციის მუდმივი დაცვის გარეშე უნდა იყოს შესაძლებელი.
“ანტისემიტიზმი კვლავ არსებობს გერმანიაში, და ეს სირცხვილია ჩვენი ქვეყნისთვის”,- განაცხადა მერცმა.
მან დასძინა, რომ მთავრობა გააძლიერებს ძალისხმევას ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და უზრუნველყოფს ებრაული საზოგადოების უსაფრთხოებას.
გერმანულმა მედიამ აღნიშნა, რომ კანცლერი გამოსვლის დროს ემოციური იყო და ცრემლები წამოუვიდა.