აჭარაში კოლხური ხოხბები ბუნებაში გაუშვეს

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თიკერში იმყოფებოდა, სადაც კოლხური ხოხბების ბუნებაში გაშვების პროცესს დაესწრო და ხოხობის მნიშვნელობაზე და ბუნებაში შემცირებული სახეობების აღდგენა-გამრავლების ხელშეწყობაზე ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით ხელოვნურად გამრავლებული ხოხბები სპეციალურად მოწყობილ ვოლიერებში გადიოდნენ გარემოზე ადაპტაციას და შეგუების ეტაპს, რის შემდეგაც ისინი ბუნებრივ გარემოში გაუშვეს.

“ღონისძიებას მინისტრთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მინისტრის მოადგილე, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს, აჭარის სსიპ სატყეოს სააგენტოს ხელმძღვანელი პირები, სტუდენტები, მონადირეები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდნენ.

კოლხური ხოხობი საქართველოს ენდემური სახეობაა, რომლის პოპულაციაც ბრაკონიერობისა და მტაცებლების გამო დღით დღე მცირდება.

ხელოვნური გამრავლების მიზანია გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ფრინველის დაცვა, პოპულაციის შენარჩუნება და აღდგენა, რაც მომავალში ხელს შეუწყობს ეკოტურიზმის განვითარებას, ბიომრავალფეროვნების დაცვასა და სამეცნიერო კვლევების გაღრმავებას,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები