ისრაელის მონაწილეობის გამო, ევროვიზია 2026-ს ბოიკოტს რამდენიმე ქვეყანა უცხადებს

ნიდერლანდებმა გამოაცხადეს, რომ ბოიკოტს შეუერთდებიან 2026 წლის ევროვიზიის კონკურსზე, მას შემდეგ, რაც ორგანიზატორებმა ისრაელის მონაწილეობა დაადასტურეს.

ნიდერლანდების საზოგადოებრივმა მაუწყებელმა AVROTROS-მა განაცხადა, რომ ბოიკოტს გამოუცხადებს მომავალ წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსს, თუ ევროპის მაუწყებელთა კავშირი ისრაელს კონკურსში დაამტკიცებს.

ნიდერლანდები სლოვენიის, ისლანდიის, ესპანეთისა და ირლანდიის შემდეგ მეხუთე ქვეყანა გახდა, რომელმაც გადაწყვეტილება გამოაცხადა.

“ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 1956 წელს დაარსდა, რათა ხალხი ღრმა განხეთქილებისა და ომის პერიოდის შემდეგ გაეერთიანებინა. კონკურსის ძირითადი ღირებულებებია მშვიდობა, თანასწორობა და პატივისცემა. მაუწყებელი აღარ ამართლებს ისრაელის მონაწილეობას ღაზას მოსახლეობის მძიმე ტანჯვის გამო.

ადამიანური ტანჯვა, პრესის თავისუფლების ჩახშობა და პოლიტიკური ჩარევა ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი მაუწყებლობის ღირებულებებს“, – ნათქვამია მაუწყებლის ტექსტში.

ამასთან, ესპანეთის კულტურის მინისტრმა ერნესტ ურტასუნმა აღნიშნა, რომ თუ ისრაელი სიაში დარჩებოდა, კონკურსიდან გამოეთიშებოდა.

„მე არ მგონია, რომ შეგვიძლია შევეგუოთ ისრაელის მონაწილეობას საერთაშორისო ღონისძიებებში ისე, თითქოს არაფერი ხდება. ეს არ არის მხოლოდ ინდივიდუალური არტისტი, არამედ კონკრეტული ქვეყნის მონაწილე“,- აღნიშნა მან.

გასული წლის ევროვიზიის გამარჯვებულმა, ავსტრიელმა მომღერალმა ჯეი ჯეიმ განაცხადა, რომ ისიც მხარს უჭერს ისრაელის ევროვიზია 2026-ში მონაწილეობის აკრძალვას.

ისლანდია, გააგზავნოს თუ არა წარმომადგენელი კონკურსზე, საბოლოო გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც ევროპის მაუწყებელთა კავშირი ისრაელის მონაწილეობასთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნას გამოიტანს.

ცნობისთვის, ევროვიზიის 70-ე სიმღერის კონკურსი ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, მაისში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები