2026 წლის 13 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში -„ევრაზიის სტრატეგიული წესრიგის განსაზღვრა: შუა დერეფანი როგორც ევროპული უსაფრთხოების დღის წესრიგი სტაბილურობის, მშვიდობის, უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობისათვის”. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს როლზე შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში და ხაზი გაუსვა დაკავშირებადობის გაძლიერების მნიშვნელობას და ხედვას, რომელიც „შუა დერეფანს” არა მხოლოდ სატრანსპორტო მარშრუტად, არამედ უსაფრთხო, სწრაფ და ეფექტიან ეკონომიკურ ხიდად მოიაზრებს.
“ამასთან, აღინიშნა საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა და ღია ეკონომიკური პოლიტიკა, რაც ქვეყანას ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ უალტერნატივო კვანძად აქცევს.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი, ოდილ რენო-ბასო. პანელს მოდერაციას უწევდა საერთაშორისო საქმეთა აკადემიის (NRW) დირექტორი, დოქტორი მეისუნ ზეინ ალ დინი,”- წერია ინფორმაციაში.