გაერო: ჩრდილოეთ კორეაში უცხოური შოუების გავრცელებისთვის მოქალაქეებს სიკვდილით სჯიან
გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის ანგარიშის თანახმად, ჩრდილოეთ კორეამ, უცხოური სატელევიზიო შოუების გავრცელებისთვის ადამიანები სიკვდილით დასაჯა, რაც პირადი თავისუფლების შეზღუდვის გამკაცრების ნაწილია, – ამის შესახებ Theguardian-ი წერს.
ანგარიშში ნათქვამია, რომ 2014 წლიდან ახალი ტექნოლოგიების დახმარებით თვალთვალი უფრო გავრცელებული, ხოლო სასჯელები უფრო მკაცრი გახდა, მათ შორისაა სიკვდილით დასჯა ისეთი დანაშაულისთვის, როგორიცაა უცხოური სატელევიზიო დრამების გაზიარება.
გამოქვეყნებული დოკუმენტი 300-ზე მეტ მსხვერპლთან ინტერვიუებს ეფუძნება, რომლებმაც ქვეყნიდან გაქცევა მოახერხეს და თავისუფლების შეზღუდვის შესახებ განაცხადეს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეზღუდვები ჩრდილოეთ კორეას მსოფლიოში ყველაზე შემზღუდავ ქვეყნად აქცევს.
გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისის ხელმძღვანელმა ჩრდილოეთ კორეაში, ჯეიმს ჰინანმა, ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ Covid-19-ის ეპოქის შეზღუდვების შემდეგ, ჩვეულებრივი და პოლიტიკური დანაშაულებისთვის სიკვდილით დასჯის რაოდენობა გაიზარდა.
მანვე დასძინა, რომ ახალი კანონმდებლობის თანახმად, უცხოური სატელევიზიო სერიალების გავრცელებისთვის უკვე დაუზუსტებელი რაოდენობის ადამიანი სიკვდილით დასაჯეს.
„2015 წლიდან შემოღებული კანონების, პოლიტიკისა და პრაქტიკის თანახმად, მოქალაქეები ცხოვრების ყველა სფეროში გაძლიერებული მეთვალყურეობისა და კონტროლის ქვეშ იმყოფებიან“, – ნათქვამია ანგარიშის დასკვნაში.
ჩრდილოეთ კორეამ, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუცია უარყო.