11 სექტემბერს შინდისის გმირის, შმაგი კუპატაძის დაბადების დღეა
11 სექტემბერს შინდისის გმირის, შმაგი კუპატაძის დაბადების დღეა. ამ დღეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა გივი მოდებაძემ,მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით წერეთელმა და პარტია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი და პროპორციული სიის კანდიდატებმა პატივი მიაგეს შმაგი კუპატაძის უკვდავ ხსოვნას და სოფელ ღვითორში გვირგვინით შეამკეს მისი სახელობის მემორიალი, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოში საზეიმოდ გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ჭიათურის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიებას ესწრებოდნენ შინდისის გმირების ოჯახის წევრები, რომლებიც მოწვეულნი იყვნენ მერიის ორგანიზებით. მემორიალთან აღევლინა პარაკლისი დაღუპული გმირების სულების მოსახსენიებლად.
“მნიშვნელოვანი იყო კულტურის ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფის მიერ წარმოდგენილი პერფორმანსი, რომელიც ძალზე შთამბეჭდავად ასახავდა იმ მძიმე წუთებს, რაც ჩვენმა გმირებმა სამშობლოს დასაცავად გამოიარეს.
გადაწყდა, საფუძველი ჩაეყაროს ტრადიციას – ყოველი წლის 11 სექტემბერს, შმაგი კუპატაძის დაბადების დღეს, სოფელ ღვითორში მოიწვიონ შინდისის გმირების ოჯახები.
რაც იქნება არა მხოლოდ პატივისცემა მათი უდიდესი თავდადებისთვის, არამედ მაგალითი მომავალი თაობისთვის – თაობისთვის, რომელიც უნდა აღიზარდოს იმ გმირების სიყვარულით, ვინც თავგანწირვით დაიცვა ჩვენი სამშობლო,”- წერია ინფორმაციაში.