1 584 ძაღლი/კატა ბუნებრივ არეალში დაბრუნდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის ფარგლებში, 29 ივლისიდან 7 სექტემბრის ჩათვლით, აჭარის, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში აყვანილი და თავშესაფრებში გადაყვანილი 1819 ცხოველიდან (აჭარაში – 459 ძაღლი; იმერეთში – 715 ძაღლი და 9 კატა; კახეთში – 636 ძაღლი) ეკიპაჟის წევრებმა ბუნებრივ არეალში დააბრუნეს 1584, ხოლო 235 – ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ ეტაპობრივად დაბრუნდება.
ცხოველებს ჩაუტარდა შემდეგი მანიპულაციები:
ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია;
1 791 ძაღლს/კატას გაუკეთდა იდენტიფიკაცია, დაედო საყურე ნიშანი (28 ძაღლს ჰქონდა სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ დადებული საყურე ნიშანი);
1 677 ძაღლს/კატას გაუკეთდა სტერილიზაცია/კასტრაცია.
მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა ითვალისწინებს უპატრონო/მიკედლებული ცხოველების კასტრაცია-სტერილიზაციას, დიაგნოსტიკურ ტესტირებას, ვაქცინაციას, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ცხოველების პოპულაციის მართვას, მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას, ცოფის და სხვა დაავადებების პრევენციას. ამავდროულად, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას და უსაფრთხოებას . პროგრამა, პირველ ეტაპზე, აჭარას, იმერეთისა და კახეთის რეგიონებს მოიცავს და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით ხორციელდება
პროგრამის მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო მონაცემებს მუდმივ რეჟიმში განაახლებს და მიაწვდის საზოგადოებას.