მიხეილ ყაველაშვილი – ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს: ისევ დაამტკიცეთ, რომ ძალიან ძლიერი, მაგარი გუნდი და ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალა ხართ; დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ამ თავდადებისთვის და გილოცავთ კიდევ ერთხელ
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებთან შეხვედრისას, მიხეილ ყაველაშვილმა თითოეულ მათგანს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა დღევანდელი თამაშით კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ საქართველოს ნაკრები ძლიერი და ანგარიშგასაწევი ძალაა.
„დღეს იყო საქართველოს დღე. კალათბურთელებმა ძალიან გაგვახარეს, მაგარი თამაში მოიგეს საფრანგეთთან და ისტორიული შედეგი დადეს. თქვენ ისევ დაამტკიცეთ, რომ ძალიან ძლიერი, მაგარი გუნდი და ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალა ხართ. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ამ თავდადებისთვის და გილოცავთ კიდევ ერთხელ. ხედავთ რა ხდებოდა ტრიბუნებზე და იცოდეთ, რომ მთელი საქართველო თქვენს გვერდით დგას”, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი, საქართველო-ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრებების თამაშს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.