“ბედნიერები ვართ, რადგან პირველიდან ბოლო წუთამდე თავდაუზოგავად ვიბრძოლეთ და გამარჯვების იმედი არცერთ წამს არ დაგვიკარგავს” – თორნიკე შენგელია

“ბედნიერები ვართ, რადგან პირველიდან ბოლო წუთამდე თავდაუზოგავად ვიბრძოლეთ და გამარჯვების იმედი არცერთ წამს არ დაგვიკარგავს”, – ამის შესახებ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ ისაუბრა.

“სასწაული მატჩი იყო, მით უმეტეს, საფრანგეთის წინააღმდეგ, რომელიც წლების განმავლობაში მსოფლიოს ყველაზე ერთ-ერთ ძლიერ ნაკრებად ითვლება. შეხვედრამდე თითქოს ის განცდა გვქონდა, რომ მთავარი მიზანი უკვე მიღწეული იყო – პლეი ოფში გასვლა, მაგრამ უშუალოდ მატჩის წინ გუნდში ერთმანეთს ვესაუბრეთ და მწვრთნელმაც შეგვახსენა, რომ გამარჯვებისთვის უნდა გვეთამაშა.

ბედნიერები ვართ, რადგან პირველიდან ბოლო წუთამდე თავდაუზოგავად ვიბრძოლეთ და გამარჯვების იმედი არცერთ წამს არ დაგვიკარგავს. შესვენების შემდეგ ვიცოდით, რომ მაქსიმალური კონცენტრაცია იყო საჭირო, რადგან საფრანგეთი ბოლომდე იბრძოლებდა. მადლობა ღმერთს, რომ ამ გამოწვევას ღირსეულად გავუძელით.

ამაყი ვარ ჩემი გუნდის თითოეული მოთამაშით, ყველას მადლობა მინდა გადავუხადო – მათ შორის სათადარიგოთა სკამზე მყოფებსაც, რომელთა ემოცია და მხარდაჭერა იგრძნობოდა. სწორედ ამიტომ ხშირად ვიღებთ ტექნიკურ ჯარიმებსაც. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ როგორ გვიხარია ერთმანეთის წარმატება.

დღეს ბურთი კარგად მოძრაობდა, დაცვაში მყარად ვიდექით, გოგა შესანიშნავი იყო, უკანა ხაზი საიმედოდ გამოიყურებოდა და პირადად ჩემთვისაც ერთ-ერთი საუკეთესო თამაში გამოვიდა. ვიცი, ამ ტურნირზე არასტაბილური მატჩები მქონდა, მაგრამ ამჯერად ყველაფერი კარგად დასრულდა“, – თქვა შენგელიამ.

ისტორიაში პირველად – საქართველოს საკალათბურთო ნაკრები “ევრობასკეტის” მეოთხედფინალშია.

საქართველო-საფრანგეთის შეხვედრა ჩვენი ეროვნული გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები