საფრანგეთის მემარცხენე პარტია აცხადებს, რომ მაკრონის გადადგომის ინიციატივას წამოიწყებს
მემარცხენე პარტია „დაუმორჩილებელი საფრანგეთი“ აპირებს, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ ინიციატივა პარლამენტს კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადებიდან მეორე დღეს წარუდგინოს, – ამის შესახებ პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა, მატილდ პანომ განაცხადა.
მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი 8 სექტემბერს გაიმართება. მანამდე, მემარცხენეების ლიდერმა, ჟან-ლუკ მელანშონმა, ამ პროცედურის 23 სექტემბერს დაწყების განზრახვის შესახებ განაცხადა.
„8 სექტემბერს ჩვენ [საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ ფრანსუა] ბაირუს გადადგომას ვაიძულებთ, 9 სექტემბერს კი რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების წინადადებას წარვადგენთ“, – დაწერა პანომ სოციალურ ქსელ X-ის საკუთარ გვერდზე.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, მაკრონმა უარი თქვა მემარცხენე ბლოკის კანდიდატის პრემიერ-მინისტრად დანიშვნაზე, მიუხედავად მათი გამარჯვებისა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში. მისი თქმით, ეს მეხუთე რესპუბლიკის ისტორიაში არასდროს მომხდარა.
შეგახსენებთ, რომ 2024 წელს „დაუმორჩილებელმა საფრანგეთმა“ უკვე დაიწყო მაკრონის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა, თუმცა უშედეგოდ. შემდეგ ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის ქვედა პალატა) საკანონმდებლო კომისიამ უარყო რეზოლუცია პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ (15 მომხრე, 54 მოწინააღმდეგე).