მედია: შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ქვეყნებმა საბოლოო დეკლარაცია უკრაინის ხსენების გარეშე მიიღეს
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) წევრმა ქვეყნებმა, ტიანძინში გამართული სამიტის შემდეგ საბოლოო დეკლარაციას მოაწერეს ხელი, სადაც უკრაინის ომის შესახებ არცერთი მინიშნება არ არსებობს.
დეკლარაცია ძირითადად ორიენტირებულია რეგიონულ უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. დოკუმენტში ხაზგასმულია ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული კავშირების გაღრმავება, ტერორიზმთან ბრძოლა და „ერთიანი, სამართლიანი და მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგის“ მხარდაჭერა.
ამასთან, ისრაელის მიერ ღაზაში მიმდინარე ომისა და ღაზას სექტორში არსებული კატასტროფული ჰუმანიტარული სიტუაციის გათვალისწინებით, ყველა წევრმა სახელმწიფომ გამოთქვა „ღრმა შეშფოთება“ და მკაცრად დაგმო ანკლავში „მოქმედებები, რომლებმაც მშვიდობიან მოსახლეობაში მრავალი მსხვერპლი გამოიწვია“. დეკლარაციაში ნათქვამია, რომ პალესტინის საკითხის „ყოვლისმომცველი და სამართლიანი მოგვარება“ დასავლეთ აზიაში მშვიდობის უზრუნველყოფის ერთადერთი გზაა.
დასავლური მედიის ცნობით, საბოლოო ტექსტიდან უკრაინის საკითხის გამორიცხვა აღიქმება, როგორც რუსეთის პოზიციის გათვალისწინება. კრემლი წლების განმავლობაში ცდილობს, რომ უკრაინის კონფლიქტი საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალურ დოკუმენტებში არ აისახოს.
შესაბამისად, სამიტის მთავარი გზავნილი გახდა კოლექტიური თანამშრომლობა და ახალი გლობალური წესრიგის ფორმირების იდეა, სადაც SCO ქვეყნებს დასავლეთისგან განსხვავებული ხედვა აქვთ.