გერმანიის დაზვერვამ უკრაინაში მალაიზიური ბოინგის ჩამომგდები დაასახელა

გერმანიის ფედერალურმა სადაზვერვო სამსახურმა (BND) მალაიზიური ბოინგის, რეისს MH17-ის კატასტროფის თაობაზე თავისი გამოძიება დაასრულა. ამ ინფორმაციას გამოცემა „შპიგელი“ ავრცელებს. როგორც გერმანული ყოველკვირეული დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნავს, გამოძიების საბოლოო დასკვნა BND-ს შეფმა გერჰარდ შინდლერმა გერმანიის ბუნდესტაგის კონტროლის კომისიას უკვე წარუდგინა. გერმანული დაზვერვის საგამოძიებო დასკვნის თანახმად, ბოინგი პრო-რუსმა სეპარატისტებმა ჩამოაგდეს. დამამტკიცებელ ფაქტებს შორის გახლავთ თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოების მიხედვით ექპერტების მიერ გაკეთებული შეფასებები. შინდლერის სიტყვებით, სეპარატისტებმა ATO-ს ძალებს საზენიტო სარაკეტო კომპლექსი „ბუკი“ წაართვეს და მალაიზიური ბოინგი სწორედ მისგან გასროლილი რაკეტებით ჩამოაგდეს. „შპიგელის“ ინფორმაციით, BND- მა რამდენიმე ცრუ-ინფორმაციაც გამოაშკარავა. პირველი – ფოტოები, რომლებიც უკრაინულმა მხარემ გაავრცელა, ფალსიფიკაციას წარმოადგენდა. მეორე- რუსული მხარის მტკიცება იმის შესახებ, რომ „ბოინგი“ ჩამოგდებულ იქნა უკრაინელმა ჯარისკაცების მიერ და მის მახლობლად უკრაინული სამხედრო თვითმფრინავი იმყოფებოდა, სიმართლეს არ შეესაბამება. „შპიგელის“ ინფორმაციით, BND-ს ხელმძღვანელი შინდლერი თავის დასკვნაში გადაჭრით აფიქსირებს, რომ „ესენი იყვნენ პრო-რუსი სეპარატისტები“.
შეგახსენებთ „ბოინგის“ ჩამოგდების შედეგად 298 მგზავრი გარდაიცვალა, მათ შორის ოთხი გერმანიის მოქალაქე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები