სახალხო დამცველი საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში მოსახლეობის წყალზე წვდომის უფლების საკითხს ეხმიანება

გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია გორში მოსახლეობისათვის წყალმომარაგების შეწყვეტის, ასევე კავთისხევში მოსახლეობის არასაკმარისი წყლის ოდენობით მომარაგების პრობლემის თაობაზე. გორში მოსახლეობა სასმელი წყლის მიწოდების შეწყვეტას ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას უკავშირებს, სადაც ადგილობრივებმა პროტესტიც გამოხატეს. ამის შესახებ განცხადებას  სახალხო დამცველის საზოგადოებასთან ურთიერთობის და ღონისძიებების მართვის სამმართველო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ 2 აგვისტოს, ასევე, გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 3 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციებით, გორში წყალმომარაგების ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა, სამუშაო პროცესის გახანგრძლივება და წყალმომარაგების აღდგენის გადავადება კი სასმელი წყლის ცენტრალური მაგისტრალის გადატანისას გამოვლენილმა გაუთვალისწინებელმა ფაქტორებმა განაპირობა. მართალია გორში წყლის მიწოდება აღდგა, თუმცა ადგილობრივი მცხოვრებლები წყლის ნაკადის შემცირებასა და ხარისხის გაუარესებაზე უთითებენ.

“ამ შემთხვევების გათვალისწინებით, სახალხო დამცველი საზოგადოებას და ყველა პასუხისმგებელ უწყებას კიდევ ერთხელ, ხაზგასმით შეახსენებს, რომ ყველასთვის თანაბარი და თანასწორი წვდომა საკმარისი რაოდენობის უსაფრთხო წყალზე, როგორც პირადი, ისე საყოფაცხოვრებო გამოყენებისთვის (სასმელად, სანიტარიისთვის, ტანსაცმლის გასარეცხად, საკვების მოსამზადებლად და პირადი და საშინაო ჰიგიენისთვის) საერთაშორისოდ აღიარებული ადამიანის უფლებაა. უფლებრივი აღიარება შესაბამისი სტანდარტების არსებობასა და მათი დაცვის აუცილებლობასაც მოითხოვს.

მოქალაქეებს უფლება აქვთ ჰქონდეთ წვდომა სრულ ინფორმაციაზე წყალმომარაგების საკითხების შესახებ. მათ შორის, წყლის მიწოდების შეწყვეტის მიზეზებთან, ხანგრძლივობასთან, სერვისის აღდგენის დროსთან და მიწოდებული წყლის ხარისხთან დაკავშირებით. აღნიშნულის გარეშე წყალზე უფლების რეალიზაცია წარმოუდგენელია. მოქალაქეების ინფორმირება უნდა მოხდეს დროულად, მარტივად და გასაგებ ენაზე, ადგილობრივ დონეზე ყველაზე გამოსადეგი საშუალებების გამოყენებით. გათვალისწინებული უნდა იყოს მოქალაქეების შესაძლო დაბრკოლებები ასეთი ინფორმაციის წვდომასთან დაკავშირებით, მათ შორის, ენობრივი ბარიერი, ინტერნეტთან წვდომის საკითხი, მოწყვლადი ჯგუფები, ადგილობრივი კონტექსტი. ამასთან, მოქალაქეების უფლებაა პრობლემის მოგვარებამდე მომარაგდეს წყლის აუცილებელი მინიმალური ოდენობა. წყლის მიწოდების სრული გათიშვა ალტერნატიულ წყაროებზე წვდომის გარეშე, არღვევს ადამიანის უფლებას.

ამასთან, საგულისხმოა, რომ წყალმომარაგების ლიცენზიანტი კომპანიები ვალდებულნი არიან დაიცვან საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები.

ნებისმიერ პირს, კი თუ ირღვევა მისი უფლებები, უფლება აქვს შეიტანოს საჩივარი კომისიასთან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველთან, კომისიაში ან მიმართოს სასამართლოს.

სამწუხაროდ, წყალმომარაგების სერიოზული პრობლემები და ამ მიმართულებით მოქალაქეების უფლებრივი გარანტიების დარღვევა საქართველოს არაერთ მუნიციპალიტეტში დგას მწვავედ. წყალზე უფლებასთან დაკავშირებულ სტანდარტებსა და ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს სახალხო დამცველმა სპეციალური ანგარიშიც მიუძღვნა.

საქართველოს სახალხო დამცველი მანდატის ფარგლებში შეისწავლის გორში წყლის შეწყვეტისას ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაძლო ხელყოფის საკითხს,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები