კირ სტარმერი – ისრაელის მიერ ღაზაზე სრული კონტროლის დამყარება არასწორია
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომ ღაზის ქალაქზე სრული კონტროლი დაამყაროს და ამას „არასწორი“ უწოდა.
სტარმერის განცხადებით, მსგავსი ნაბიჯი საფრთხეს უქმნის მშვიდობის პროცესს და კონფლიქტის შემდგომ ესკალაციას გამოიწვევს.
„ღაზის ქალაქის სრული ოკუპაცია მხოლოდ გააღრმავებს დაპირისპირებას და შეაფერხებს მძევალთა გათავისუფლებისა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების პროცესს,“ — განაცხადა სტარმერმა.
ბრიტანეთის პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ „ჰამასი“ უნდა განიარაღდეს.
მისი თქმით, ისრაელმა და პალესტინურმა მხარემ საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით უნდა მოძებნონ პოლიტიკური გამოსავალი.
სტარმერის განცხადება ემთხვევა საერთაშორისო მოწოდებებს, რომლებიც რეგიონში დაძაბულობის შემცირებას და ჰუმანიტარული კორიდორების გახსნას ითხოვენ.
ცნობისთვის, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, რამდენიმე საათის წინ დაადასტურა, რომ უსაფრთხოების კაბინეტმა ღაზის ქალაქზე კონტროლის დამყარების გეგმა დაამტკიცა, რაც, მისი შეფასებით, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის აუცილებელია.