მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცხელი დედაქალაქი ორსულთა დასახმარებლად ახალ ნაბიჯს დგამს
ინდოეთის დედაქალაქ დელიში, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცხელ ურბანულ ზონად ითვლება, სპეციალისტების ჯგუფი ორსული ქალების, სიცხისგან გამოწვეული საფრთხეებისგან დაცვის მიზნით ინტენსიურად მუშაობს,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.
მედიის ცნობით, ინდოეთში კლიმატური ცვლილებების შედეგად, უკიდურესი სიცხეები სულ უფრო ხშირი და ინტენსიური ხდება, რაც ქალაქის მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი ორსულებისთვის, პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს.
მცხუნვარე ტემპერატურების პირობებში, რომლებიც ხშირად 45°C-ს აჭარბებს, ორსულებს ჯანმრთელობის გართულებების მაღალი რისკი აქვთ, მათ შორის გაღიზიანება, დეჰიდრატაცია, წნევის ცვლა და ნაადრევი მშობიარობა.
აკრედიტებული სოციალური ჯანმრთელობის აქტივისტები (ASHA), ქალი ჯანდაცვის მუშაკებისგან შედგება და საგანგებო სიტუაციებში სამედიცინო დახმარების გაწევას ასწავლის. ისინი სოფლისა და გარეუბნების რაიონებში დედებისა და ჩვილების სიკვდილიანობის შესამცირებლად და ინდოეთში დაბალი შემოსავლის მქონე თემებისთვის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესების მიზნით მუშაობენ.
აღნიშნული ინიციატივა ერთ-ერთი პირველია რეგიონში, რომელიც ფოკუსირებულია კონკრეტულად ორსულთა დაცვაზე, კლიმატური სტრესის ფონზე.
მოსალოდნელია, რომ 2050 წლისთვის ინდოეთი იქნება იმ პირველ ქვეყნებს შორის , სადაც ტემპერატურა ჯანმრთელი ადამიანებისთვის უსაფრთხო ზღვრულ ნიშნულს გადააჭარბებს, თუნდაც ჩრდილში დასვენების დროს, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს შრომის პროდუქტიულობაზე, ეკონომიკურ ზრდასა და ცხოვრების ხარისხზე.