კიევი ერდოღანის ვიზიტისთვის ემზადება — განხილვის მთავარი თემა ეკონომიკური პარტნიორობაა
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, უახლოეს დღეებში უკრაინას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა,- ინფორმაცია, უკრაინაში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნარიმან ჯალალმა დაადასტურა.
მისი თქმით, მხარეები ვიზიტს ინტენსიურად ამზადებენ, ხოლო დღის წესრიგის მთავარ საკითხად თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების რატიფიკაცია სახელდება.
„მზადება უკვე დაწყებულია. ვიზიტის თარიღი და ფორმატი ჯერ კიდევ ზუსტდება, თუმცა მხარეებს შორის კონტაქტი აქტიურ ფაზაშია,“- განაცხადა ჯალალმა.
ჯალალის განმარტებით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ორივე ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის დოკუმენტია, რომელიც ხელს შეუწყობს უკრაინული და თურქული ბიზნესების მჭიდრო თანამშრომლობას. თუმცა, ელჩმა აღნიშნა, რომ შეთანხმების აღსრულებასთან დაკავშირებულ მექანიზმებზე დამატებითი კონსულტაციები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
ვიზიტის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით ოფიციალურად არ გამოცხადებულა, თუმცა მოსალოდნელია, რომ ის აგვისტოს ბოლომდე შედგება.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის შემდეგ, უკრაინაში ეს ერდოღანის პირველი ვიზიტი იქნება.