ნიუ ჯერსის სანაპიროსთან, პატარა ნავთან შეჯახების შედეგად ვეშაპი დაიღუპა
ნიუ ჯერსის ბარნეგატის ყურეში, მცირე ზომის ნავის და ვეშაპის შეჯახების შედეგად ცხოველი დაიღუპა,- ინფორმაციას “სიენენი” ავრცელებს.
მედიის ცნობით, შეჯახების შედეგად ერთ-ერთი მგზავრი წყალში გადავარდა, თუმცა ის უვნებლად გადაარჩინეს.
აშშ-ის სანაპირო დაცვა და ადგილობრივი საზღვაო სამაშველო სამსახურები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მივიდნენ.
ვეშაპის დაღუპვის შემდეგ მისი სხეული სანაპიროზე გადაიტანეს. წინასწარი ვარაუდით, ცხოველი მინკეს სახეობის ვეშაპი იყო, რომლის სიგრძე, დაახლოებით, 6 მეტრს აღწევდა.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. გარემოსდაცვითი ორგანიზაციები მოსახლეობას მოუწოდებენ, ზღვაში ცხოველებთან უსაფრთხო დისტანცია დაიცვან და ნავებით გადაადგილებისას სიფრთხილე გამოიჩინონ.