ზაზა შათირიშვილი: ევრობიუროკრატია დღეს ,,დიპ სტეიტის” ხელით რომ იმართება, ამას პატარა ბავშვიც კი ხვდება – საკუთარი ქვეყნებისა და ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებას თანამდებობებზე დასმულ პოლიტიკოსებს სწორედ ოლიგარქები აიძულებენ
,,ის, რომ ევრობიუროკრატია დღეს “დიპ სტეიტის” ხელით იმართება, ამას პატარა ბავშვიც კი ხვდება. საკუთარი ქვეყნებისა და ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებას თანამდებობებზე დასმულ პოლიტიკოსებს სწორედ ოლიგარქები აიძულებენ”, – ამის შესახებ, ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილში ვკითხულობთ.
როგორც შათირიშვილი აცხადებს, ტრამპის და „დიპ სტეიტის“ ე.წ. დაპირისპირებაში ყველაფერი დღესავით ნათელია და სწორედ ოლიგარქების კარნახით წარმოჩინდა დონალდ ტრამპი ჰეგემონად, ევროპა კი დემონსტრაციულად დააჩოქეს მის წინაშე.
„რაც შეეხება ტრამპისა და “დიპ სტეიტის” ეგრეთ წოდებულ დაპირისპირებას, აქაც ყველაფერი დღესავით ნათელი გახდა. თუ დონალდ ტრამპი “დიპ სტეიტს” ებრძვის, რასაც გვაჯერებენ ყოველდღიურად, ხოლო ევროპულ ბიუროკრატიას დანამდვილებით “დიპ სტეიტი” მართავს, ოლიგარქიული ოჯახები ისეთი გულუბრყვილოები არიან, რომ ევროკავშირი აიძულეს გადაედგათ კოლონისტური ნაბიჯები, რომელიც მათთან „დაპირისპირებულ“ ტრამპს გააძლიერებდა და გამარჯვებულ, ძლიერ პრეზიდენტად წარმოაჩენდა? ნუთუ ვინმეს სჯერა, რომ “დიპ სტეიტმა” ევროპა დემონსტრაციულად იმიტომ დააჩოქა აშშ-ს წინაშე მთელი მსოფლიოს დასანახად, რომ მათთან „მებრძოლი“ ტრამპის იმიჯი კიდევ უფრო გაეძლიერებინათ? ეს ხომ სრული აბსურდია! ამერიკის შეერთებული შტატები, დონალდ ტრამპის ხელით სწორედ რომ ოლიგარქების კარნახით იმართება, წინააღმდეგ შემთხვევაში არავინ დაუშვებდა პრეზიდენტ ტრამპის ჰეგემონად წარმოჩენას. ეს მოჩვენებითი დაპირისპირება მხოლოდ იმიტომ დასჭირდა “დიპ სტეიტს”, რომ როგორმე საკუთარი შელახული და ფარდაახდილი იმიჯის რებრენდინგი მოეხდინა.“ – აღნიშნულია შათირიშვილის წერილში.
ფილოსოფოსი საუბრობს მიმდინარე პროცესის მოკლევადიან მიზნებზეც და აღნიშნავს, დიპ სტეიტმა ევროკავშირის პოლიტიკური დისკრედიტაცია თითქმის სრულად მოახერხა, წევრი ქვეყნები გაავსო მიგრანტებით, წაართვა ევროპულ ქვეყნებს იდენტობა, ეროვნულობა და სუვერენიტეტი.
„რაც შეეხება ზოგადად მიმდინარე პროცესის მოკლევადიან მიზნებს – თუ ევროპული ბიუროკრატია დიპ სტეიტის მიერ თანამდებობებზე დანიშნული ხალხით იმართება და ამ აგენტურას რასაც უნდათ, იმას აკეთებინებენ, ოლიგარქიული ოჯახები ამერიკას საერთოდ პირად საკუთრებად, თავიანთ ქვეყანად მიიჩნევენ და ამ ეტაპზე ყველაფერს აკეთებენ, რომ ამერიკაში პოზიციები მაქსიმალურად გაიმყარონ. არა ამერიკელი ხალხის, არამედ ოლიგარქიული ოჯახების ინტერესებით მოქმედებს დონალდ ტრამპი და როგორც აღვნიშნე, მათ საკუთრებად მიჩნეულ ქვეყანას მაქსიმალურად აძლიერებენ გარე რესურსებით.
საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის ჯერ კიდევ ამოცანად რჩება, თუ რისთვის აკეთებენ ამ ყველაფერს ოლიგარქიული ოჯახები, რა აქვთ თუნდაც მოკლევადიან მიზნად განსაზღვრული, რაზეც მეტნაკლებად მკაფიო პასუხები არსებობს. მივყვეთ თანამიმდევრობით: დიპ სტეიტმა ევროკავშირის პოლიტიკური დისკრედიტაცია თითქმის სრულად მოახერხა, წევრი ქვეყნები გაავსო მის მიერვე, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში ინსპირირებულ ომებსა და სიდუხჭირეს გამოქცეული მიგრანტებით, წაართვა ევროპულ ქვეყნებს იდენტობა, ეროვნულობა და სუვერენიტეტი.“ – წერს ზაზა შათირიშვილი.