პულმონოლოგი ოთარ გაბრიჭიძე: ჰაერის დაბინძურება ორგანოთა ყველა სისტემაზე მოქმედებს, თუმცა მასზე განსაკუთრებით მწვავედ რეაგირებს რესპირატორული სისტემა
„ჰაერის დაბინძურება, დღეს, გლობალური პრობლემაა, რომელიც სამწუხაროდ, პროგრესირებს და მისი შემცირების ტენდენცია ნაკლებად არის გამოხატული. ეს გამოწვეულია გარემოში სხვადასხვა აირის, აეროზოლის, ბიოლოგიური თუ ქიმიური მოლეკულების გამოთავისუფლებით“ , – ამის შესახებ პულმონოლოგი ოთარ გაბრიჭიძე აცხადებს.
მისი თქმით, დაბინძურებული ჰაერი, მეტ-ნაკლებად, ორგანოთა ყველა სისტემაზე მოქმედებს, თუმცა, ამ პრობლემაზე განსაკუთრებით მწვავედ რესპირატორული სისტემა რეაგირებს.
„ვლინდება ფილტვის ქრონიკული დაავადებები, ან ხდება ამ დაავადების განვითარების დაჩქარება. ჰაერის დაბინძურება იწვევს სხვადასხვა მწვავე რესპირატორულ ინფექციას. ასევე, იმატებს კარდიო-ვასკულარული დაავადებების შედეგები და მკვეთრად იზრდება სხვადასხვა ტიპის ალერგიული რეაქციები“, – აცხადებს ექიმი – პულმონოლოგი.
მისივე განმარტებით, ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებების განსაკუთრებულ რისკ-ჯგუფებს წარმოადგენენ: ორსულები, ბავშვები, ხანდაზმულები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები.