მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, გავაძლიეროთ საქართველოს, როგორც სატრანზიტო-ლოგისტიკური ჰაბის ფუნქცია
„ჩვენ განვაგრძობთ ინვესტიციას სტრატეგიულ ობიექტებში, რადგან ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, გავაძლიეროთ საქართველოს, როგორც სატრანზიტო-ლოგისტიკური ჰაბის ფუნქცია”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველო-ხორვატიის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ღონისძიება ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ზორან მილანოვიჩის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღო ორივე ქვეყნის 100-მდე ბიზნესმენმა. მინისტრმა ხორვატიის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ეკონომიკური ზრდის კუთხით არსებული პროგრესის შესახებ და ყურადღება რამდენიმე უმნიშვნელოვანეს სექტორზე გააკეთა, მათ შორის, ენერგეტიკის დარგზე.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ასევე იმ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც სატრანზიტო-ლოგისტიკური ჰაბის ფუნქციის და როლის გაძლიერებას. მარიამ ქვრივიშვილმა განსაკუთრებული აქცენტი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მნიშვნელობაზე გააკეთა.
„მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორის გაძლიერების მიზნით ჩვენი ხელისუფლება 7 მლრდ ლარს დახარჯავს იმისთვის, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა – იქნება ეს საპორტო თუ საავიაციო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, როგორიც არის თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი. ჩვენ ძალიან დიდ ინვესტიციას ვახორციელებთ საქართველოს რკინიგზაში, დამატებით 1 მლრდ ლარის მოცულობით. ამასთან, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინიციატივა და ენერგეტიკული, ქართული პროექტია, რომელიც უზრუნველყოფს პირდაპირ კავშირს საქართველოსა და ევროპას შორის – ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცემა, საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიის ექსპორტი საქართველოდან პირდაპირ რუმინეთში განვახორციელოთ”, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.