გიორგი ცუცქირიძე: არსებული პოლიტიკური დაძაბულობა და ოპოზიციის ნაწილის რადიკალიზაცია 4 ოქტომბრის არჩევნებზე ზეგავლენას იქონიებს, თუმცა არა არსებითს

არსებული პოლიტიკური დაძაბულობა და ოპოზიციის ნაწილის რადიკალიზაცია 4 ოქტომბრის არჩევნებზე ზეგავლენას იქონიებს, თუმცა არა არსებითს, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, დაანონსებული „მშვიდობიანი რევოლუციის“ მოხდენის ალბათობა ერთობ მცირეა, ოპოზიციაში მზარდი შიდა დაპირისპირების ფონზე, ხოლო მინავლებული პროტესტის ფონზეც ვხედავთ, რომ არც განწყობაა საამისო.

„დღეს ბევრს ბუნებრივად აინტერესებს მაღალი ეკონომიკური ზრდის ეფექტი რამდენად აისახება სესხების საპროცენტო განაკვეთზე, მაშინ როდესაც ბოლო პერიოდში საპროცენტო განაკვეთები სალარე სესხებზე, როგორც სამომხმარებლო, ისე იპოთეკურ სესხზე მცირედით, თუმცა მაინც არის გაძვირებული. საშუალო წლიურ ჭრილში 1-1.5 %-ით არის გაზრდილი. ექსპერტების ნაწილში გამოითქვა მოსაზრება, რომ სესხების გაძვირებაზე აისახა საქართველოს ეროვნულმა ბანკის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მათ ვისაც ეროვნულ ვალუტაში აქვს შემოსავალი, წინა 500 000 ლარიდან გაიზარდა 250 000 ლარით და 750,000 ლარამდე სავალუტო სესხის აღება შეუზღუდა.

არის თუ არა წლის ბოლომდე მოსალოდნელი სესხების კიდევ უფრო გაძვირება, მით უმეტეს ოქტომბერში კარსმომდგარი არჩევნების წინ თუ პირიქით, საპროცენტო განაკვეთების შემცირებას უნდა ველოდოთ?

სალარე სესხების საპროცენტო განაკვეთზე გარდა რეფინანსირების განაკვეთისა, მოზიდული რესურსების ფასი ახდენს ზეგავლენას. ზოგადად კი ლარის რესურსზე მოთხოვნასთან ერთად მიწოდება განაპირობებს. მაგალითად, როდესაც დეპოზიტების თანაფარდობა სესხებთან იზრდება, საპროცენტო განაკვეთები მოთხოვნა-მიწოდების პრინციპიდან გამომდინარე, როგორც წესი იკლებს და პირიქით, სალარე რესურსების დეფიციტი ქმნის მაღალ საპროცენტო ტრაექტორიას.

შესაბამისად, საპროცენტო განაკვეთებზე ზეგავლენას, სხვა ფაქტორებთან ერთად, დეპოზიტების ზრდის ტემპი ახდენს სესხების ზრდასთან შედარებით. თუ დეპოზიტების მოცულობის ზრდა უფრო მაღალია დაკრედიტების ზრდის მაჩვენებელზე, საპროცენტო განაკვეთები შემცირებისკენ მიდის. ჩვენ შემთხვევაში, სადეპოზიტო ბაზის ზრდა, რასაც ეკონომიკის მაღალ ზრდასთან ერთად, ბოლო თვეებში მონეტარული განაკვეთის 8 პროცენტიან ნიშნულზე დატოვებაც ხელს უწყობს, ბაზარზე სალარე რესურსების სიჭარბეს წარმოქმნის, და ჩემი შეფასებითაც სასესხებო განაკვეთზეც პოზიტიურად უნდა აისახოს, მისი შემცირების მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ ივნისში, ბოლო ერთ წელიწადში დეპოზიტები 11. 5 %-ით არის გაზრდილი. თავის მხრივ, საბანკო სექტორში დაკრედიტების ზრდის ტემპი შედარებით შენელებულ მაჩვენებელზე ნარჩუნდება. ივნისში კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპმა 15.5% შეადგინა, რაც წინა წლების მაჩვენებელს ჩამორჩება. თუმცა, მარტო ბოლო ერთ თვეში ივნისის ბოლოსათვის დეპოზიტები გაიზარდა რა 1.85 მილიარდი ლარით, ზრდის ტემპმა 3.5 % შეადგინა, რაც დაკრედიტების ზრდის საშუალო თვიურ მაჩვენებელს (2.55%) აღემატება. ზოგადად, დაკრედიტების ტემპების შედარებით შენელებისას, საპროცენტო განაკვეთების შემცირება ისედაც მოსალოდნელია.

ამასთან, სებ ის მიერ განხორციელებულმა ინტერვენციებმა სავალუტო რეზერვების შესავსებად და ბაზრიდან სადოლარე მასის ამოღებით ისედაც იზრდება მიმოქცევაში მყოფი სალარე ფულის მასა, რაც დაბალი ინფლაციისას, პოზიტიურად ზემოქმედებს სადეპოზიტო ბაზაზე, ხოლო თავის დროზე დაგროვებითი საპენსიო თანხების საბანკო დეპოზიტეპზე განთავსებამ, ლარის გრძელვადიანი რესურსის ხელმისაწვდომობა გაზარდა. სადეპოზიტო სერტიფიკატების პრაქტიკის დანერგვაც ამ სტრატეგიის ნაწილად უნდა განვიხილოთ, რასაც სალარე რესურსების დაგრძელების კარგი პერსპექტივა აქვს.

რაც შეეხება სებ-ის გადაწყვეტილებას და კრედიტების ლიმიტის გაზრდაზე, მიმაჩნია, რომ ცვლილება გამართლებულია მიმართულია რა საბანკო კრედიტების დოლარიზაციის და სავალუტო რისკების შემდგომი შემცირებისკენ. აქვე დავამატებდი, რომ კრედიტის ფასში რისკის პრემიაც შედის. დღეის მონაცემებით, ბანკების მთლიან საკრედიტო პორტფელში სალარე სესხებზე 57.1% მოდის, ხოლო წლიურ ჭრილში კრედიტების ლარიზაცია 2.76 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი. თუ გავაანალიზებთ ეროვნულმა ბანკის მიერ საკრედიტო ლიმიტის ზრდის გადაწყვეტილებებს, 2024 წლიდან მოყოლებული, როდესაც ზღვარი გაორმაგდა  200,000 ლარიდან 400,000 ლარამდე გაზარდა, მას სალარე სესხების გაძვირებაზე ზეგავლენა ფაქტიურად არ ჰქონია. უფრო პირიქით, 2024 წელთან შედარებით, საპროცენტო განაკვეთები შემცირების ტენდენციას ამჟღავნებდა. აქედან გამომდინარე, საექსპერტო თვალსაზრისი, რომ ლიმიტის ზრდა სალარე სესხებზე მოთხოვნის ზრდით, სესხების გაძვირებას გამოიწვევდა, მცდარი აღმოჩნდა და არც ამჯერად იქონიებს ნეგატიურ ზეგავლენას. ოქტომბრის არჩევნების მოახლოებასთან ერთად თუ რატომ დაიწყეს საპროცენტო განაკვეთების გაძვირებაზე ოპოსივრცეში საუბარი, გასაგებია თუ რატომაც.

მართალია, არსებული პოლიტიკური დაძაბულობა და ოპოზიციის ნაწილის რადიკალიზაცია 4 ოქტომბრის არჩევნებზე ზეგავლენას იქონიებს, თუმცა არა არსებითს. დაანონსებული „მშვიდობიანი რევოლუციის“ მოხდენის ალბათობა ერთობ მცირეა, ოპოზიციაში მზარდი შიდა დაპირისპირების ფონზე, ხოლო მინავლებული პროტესტის ფონზეც ვხედავთ, რომ არც განწყობაა საამისო.

მიმაჩნია, რომ წლის ბოლომდე საპროცენტო განაკვეთები, ისევ შემცირებისკენ წავა, რაც როგორც უკვე აღვნიშნე, მაღალ ზრდასთან და სებ-ის გონივრულ მონეტარულ პოლიტიკასთან ერთად(სსფ ის პროგნოზით ეკონომიკა ნაცვლად თავდაპირველი 6 %-ისა, 7.3 %-ით გაიზრდება) სადეპოზიტო ანგარიშებზე რიცხული თანხების ზრდას და ბაზარზე დამატებითი ლარის რესურსის აკუმულირებას უწყობს ხელს“, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები