შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში განათლების, წყალმომარაგების და საგზაო ინფრასტრუქტურა აქტიურად ვითარდება

შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში განათლების, წყალმომარაგების და საგზაო ინფრასტრუქტურა აქტიურად ვითარდება.

„დღეს შიდა ქართლში დავათვალიერეთ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის სკოლებისა და ბაღების მშენებლობა, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს. რამდენიმე ობიექტზე გამოვლინდა პრობლემები, რაზეც მუნიციპალური განვითარების ფონდი შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს. კასპში მიმდინარეობს სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი, 24-საათიანი წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა. ვიწყებთ ახალ პროექტს მცხეთის შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის სატრანსპორტო კავშირის გასაუმჯობესებლად, რომლის ფარგლებში რეაბილიტირდება ქსანი-სასხორის გზა და აშენდება ახალი ხიდი მტკვარზე. პროექტი ხელს შეუწყობს ჩქაროსნული ავტომაგისტრალის განტვირთვას და ტურისტული პოტენციალის ზრდას“, – განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ შიდა ქართლის რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერების შემდეგ.

მინისტრი მოადგილეებთან, საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან და შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან ერთად კასპისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში იმყოფებოდა, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება.

სამინისტროს ინფორმაციით, კასპისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში ერთდროულად ხორციელდება საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის 10-ზე მეტი პროექტი, რომელთა უმეტესობა გათვლილია 50-დან 100 აღსაზრდელზე. ბაღები შენდება სოფლებში: მეტეხი, ახალციხე, რუისი, ურბნისი, დვანი და მოხისი, ხოლო დაბა აგარასა და სოფელ იგოეთში განახლდება არსებული ინფრასტრუქტურა.

ყველა ობიექტი სრულად ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის და აღიჭურვება სათამაშო, სასწავლო, საძინებელი სივრცეებით, სველი წერტილებითა და რეკრეაციული ზონებით. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარემო ხელს შეუწყობს ბავშვების განვითარებას, თამაშისა და სწავლების პროცესების გაუმჯობესებას. ბაღების მშენებლობა სახელმწიფოს ბიუჯეტიდან ფინანსდება, სოფელ იგოეთში მიმდინარეობს 120 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლის მშენებლობა, ხოლო ქარელის №1 საჯარო სკოლასა და სოფელ აგარის 500 მოსწავლეზე გათვლილ სკოლაში – სრული რეაბილიტაცია. პროექტების ფარგლებში მოეწყობა ბიბლიოთეკები, ლაბორატორიები, სპორტული მოედნები და ყველა საჭირო საინჟინრო ინფრასტრუქტურა.

აღნიშნული პროექტები საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება და მათი ჯამური ღირებულება 18 მილიონ ლარს აჭარბებს. განახლებული სკოლები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგანმანათლებლო პროცესის ხარისხსა და მოსწავლეების სწავლით მოტივაციას.

შიდა ქართლში აქტიურად მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაციის პროექტები. ინფრასტრუქტურა ეწყობა ქალაქ კასპში, ქარელში, გორში და სოფლებში: იგოეთი და მრგვალი ჭალა. პროექტი ითვალისწინებს რეზერვუარების, სატუმბი სადგურების, სათავე ნაგებობებისა და SCADA სისტემის მოწყობას. პროექტის ღირებულება 32 მილიონ ლარს შეადგენს და მისი დასრულება 2026 წლის ზაფხულშია დაგეგმილი.

მცხეთის, შიდა და ქვემო ქართლის რეგიონის სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესების მიზნით, იწყება ქსანი-სასხორის გზის რეაბილიტაცია და მდინარე მტკვარზე 389 მეტრის სიგრძის ახალი ხიდის მშენებლობა. პროექტი შეამცირებს მანძილს რეგიონებს შორის ნიჩბისი-დიდგორის მიმართულებით და მნიშვნელოვნად განტვირთავს ჩქაროსნული ავტომაგისტრალის, განსაკუთრებით კი თბილისის შესასვლელი მონაკვეთის სატრანსპორტო ნაკადებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები