მსოფლიო მედიცინამ შიდსის (AIDS) წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, თუმცა, დაავადების საბოლოო განკურნება ჯერ ოფიციალურად მიღწეული არ არის. მიუხედავად ამისა, სამეცნიერო კვლევები და ინოვაციური თერაპიები იმედის მომცემ პერსპექტივებს აჩენს,- აღნიშნულს კვლევების კუთხით მიღწეული შედეგები ადასტურებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) ცნობით, დღეს ხელმისაწვდომია ანტირეტროვირუსული თერაპია (ART), რომელიც HIV-ვირუსის გავრცელებას აჩერებს და დაავადებას ქრონიკულ, მართვად მდგომარეობად აქცევს. თუმცა, მკურნალობა სრულ განკურნებას არ ნიშნავს — ვირუსი კვლავ რჩება ორგანიზმში, უბრალოდ დაბალ აქტივობაში.
Excision BioTherapeutics-ი მუშაობს ინოვაციურ გენურ მკურნალობაზე, რომელიც HIV-ს ადამიანის დნმ-დან გენეტიკურად შლის. ტექნოლოგია კლინიკური ცდის პირველ ფაზაშია.
ამასთან, ბიოტექნოლოგიურმა კომპანია Gilead-მა შეიმუშავა წამალი, რომელიც მხოლოდ წელიწადში ორჯერ კეთდება და ადამიანს ინფიცირებისგან იცავს. აშშ-ის მარეგულირებელმა უწყებებმა მისი გამოყენება უკვე დაამტკიცეს.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კლინიკებში ჩატარებული ძვლის ტვინის გადანერგვის შედეგად, რამდენიმე HIV-ინფიცირებული პაციენტი ვირუსისგან სრულად გათავისუფლდა. თუმცა, მეთოდი ჯერ იშვიათია და მხოლოდ სპეციფიკურ კლინიკურ გარემოშია გამოყენებადი.
ექსპერტები ხაზგასმით აცხადებენ, რომ HIV-ის სამკურნალოდ გამოსაყენებელი უნივერსალური წამალი არ არსებობს. სამაგიეროდ, თანამედროვე მედიცინა უზრუნველყოფს დაავადების ეფექტურ მართვას, რაც შესაძლებელს ხდის ინფიცირებული ადამიანების სრულფასოვან და გრძელვადიან ცხოვრებას.
ჯანმო საზოგადოებას მოუწოდებს, არ ენდონ ფალსიფიცირებულ ცნობებს HIV-ის „განკურნების“ შესახებ და ინფორმაციისთვის მხოლოდ სანდო სამედიცინო წყაროებს დაეყრდნონ.