ნიკოლოზ სამხარაძე: ჟენევაში შეხვედრები გვექნება სხვადასხვა კონტინენტისა და ქვეყნის პარლამენტების თავმჯდომარეებთან – პლატფორმას საქართველოს ინტერესების წინ წასაწევად ვიყენებთ

,,ჟენევაში შეხვედრები გვექნება სხვადასხვა კონტინენტისა და ქვეყნის პარლამენტების თავმჯდომარეებთან, პლატფორმას საქართველოს ინტერესების წინ წასაწევად ვიყენებთ, მათ შორის არაღიარების პოლიტიკისთვის”, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

„დღეს ჟენევაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი იწყება, სადაც მსოფლიო საპარლამენტო კავშირის სპიკერების კონფერენცია იმართება. ეს კონფერენცია რამდენიმე წელიწადში ერთხელ ტარდება. ჩვენ ამ პლატფორმას საქართველოს ინტერესების წინ წასაწევად ვიყენებთ, მათ შორის არაღიარების პოლიტიკისთვის. შეხვედრები გვექნება სხვადასხვა კონტინენტისა და ქვეყნის პარლამენტების თავმჯდომარეებთან, სადაც საუბარი იქნება როგორც ორმხრივ ურთიერთობებზე, ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და არაღიარების პოლიტიკაზე. ამ ორგანიზაციის გეოგრაფია ფართოა. იცით, რომ ამ ორგანიზაციაში თითქმის ყველა ქვეყანა წევრია. შესაბამისად, შესაძლებლობა გვექნება, რომ ეს პლატფორმა გამოვიყენოთ სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკის და სხვა კონტინენტის წარმომადგენლებთან შესახვედრად. დატვირთული დღის წესრიგი გვაქვს. პარლამენტის თავმჯდომარეს პანელურ დისკუსიაზე გამოსვლა ექნება, რომელიც კონფლიქტების და მშვიდობის საკითხებს ეხება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვიზიტით ჟენევაში გაემგზავრა. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციიით, კონფერენციასა და შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტო დელეგაციის წევრი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები