“ამ ქვეყანაში დაუსჯელი არავინ დარჩება, ვინც სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ წავა – ინდულგენცია არავისთვის იქნება მისი სახელი და გვარი” – შარმანაშვილი
“ამ ქვეყანაში დაუსჯელი არავინ დარჩება, ვინც სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ წავა – ინდულგენცია არავისთვის იქნება მისი სახელი და გვარი. ნურავინ დატკბება დღევანდელი მდგომარეობით, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს [თანამდებობა]არა პრივილეგია, არამედ დიდი ტვირთია”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი, თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს.
ის სუს-ის მიერ თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილის და კიდევ ორი პირის დაკავების საკითხს ეხმაურება.
“ჩვენ არ ვართ 1937 წელში, რომ ვიღაცის განცხადების საფუძველზე ვიღაცების დაკავება დავიწყოთ. დაკავებები და გამოძიება დაიწყო, როცა მოგროვდა შესაბამისი მტკიცებულებები, რომელმაც შეიძლება დაადასტურონ ამა თუ იმ პიროვნების ბრალი. ამიტომ, ყველას მივმართავ: ვისაც თანამდებობის დაკავება უნდა, კარგა ხანს იფიქროს იმაზე, რომ ეს პრივილეგია არ არის. ეს არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა და ტვირთი. წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა განწყობით თუ მივა თანამდებობაზე, ის აუცილებლად დაამთავრებს ციხეში. ეს იმათაც ეხება, ვისზეც ახლა მიდის გამოძიება და სამომავლოდაც, ვისაც გამრუდებული იდეები შეიძლება აწუხებდეს. ამ ქვეყანაში დაუსჯელი არავინ დარჩება, ვინც სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ წავა, მათ შორის კორუფციასთან დაკავშირებით, რადგან კორუფცია სახელმწიფო უსაფრთხოების ერთ-ერთი ელემენტია. ინდულგენცია არავისთვის იქნება მისი სახელი და გვარი. ნურავინ დატკბება დღევანდელი მდგომარეობით, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს [თანამდებობა] არის არა პრივილეგია, არამედ დიდი ტვირთი. ვინც ამ ტვირთს ღირსეულად ვერ ზიდავს, მან ჯობია, ამ ტვირთის აცილების თაობაზე გადაწყვეტილება თავადვე მიიღოს – წინააღმდეგ შემთხვევაში უკანონო მოქმედებები არავის შერჩება“, – აღნიშნავს შარმანაშვილი.