ირაკლი ხელაძე: ჩვენ უკვე ძალიან დიდი ხანია, ოპოზიციის პატრონების მხრიდან ვხედავთ მცდელობას, რომ რაღაცნაირად ამ ადამიანების „რებრენდინგი“ განახორციელონ
„რა მცდელობაც არ უნდა იყოს გარედან, რომ უფრო კეთილები, ლამაზები, ჭკვიანები, პროგრესულები, უფრო „არანაცები” წარმოგვიჩინონ პარტიები, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის” განაყოფები,“- ამის შესახებ „დღის ქრონიკაში” ნაძალადევის რაიონის დელეგატმა ირაკლი ხელაძემ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის გეგმებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია ძალიან ბეჯითად ასრულებს იმ დირექტივებს, რაც მათი გარე პატრონებისგან მოდის.
„ჩვენ უკვე ძალიან დიდი ხანია, ოპოზიციის პატრონების მხრიდან ვხედავთ მცდელობას, რომ რაღაცნაირად ამ ადამიანების „რებრენდინგი“ განახორციელონ. ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი ვარიანტი შემოგვთავაზეს, თუმცა საბოლოო ჯამში, როდესაც მიხვდნენ, რომ ამ საქმიდან მათთვის სასარგებლო არაფერი გამოდიოდა, შეცვალეს სტრატეგია. „ნაციონალური” მოძრაობის ანასხლეტებისგან, იდეოლოგიური მოკავშირეებისგან ჩამოყალიბებული პარტიების გათეთრებას ცდილობენ. რაც ყველაზე მთავარია, ამ ყველაფერს ისე უმტკივნეულოდ აკეთებენ, რომ უნდათ საზოგადოებაში შეიტანონ გარკვეული დაბნეულობა და ისე წარმოაჩინონ პროცესი, რომ თითქოს, ეს არის ძალიან ბუნებრივი მოცემულობა. თუმცა ყველაზე იმედისმომცემი საფუძველი არის ის, რომ ქართველი ხალხი ამ ყველაფერს კარგად ადევნებს თვალყურს. ბოლო წლებში იმდენად გაიწვრთნა და გაიწაფა შეფასებებში, რა მცდელობაც არ უნდა იყოს გარედან, რომ უფრო კეთილები, ლამაზები, ჭკვიანები, პროგრესულები, უფრო არა „ნაცები” წარმოგვიჩინონ პარტიები, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის” განაყოფები, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა.
ზოგადად, საბოლოო ჯამში ყველასთან ერთი დირექტივა მოდის. ისინი ძალიან ბეჯითად ასრულებენ იმ დირექტივებს, რაც მათი გარე პატრონებისგან მოდის. დირექტივა არის ის, რომ ვთქვათ, გვარამია წარმოაჩინონ „არანაცად” და უფრო პროგრესულ პოლიტიკოსად. მელიას თითქოს, კავშირი არ უნდა ჰქონდეს „ნაციონალურ მოძრაობასთან”. თქვენ კარგად იცით ხაზარაძე-ჯაფარაძის დამოკიდებულება „ნაციონალურ მოძრაობასთან” – იმ დანაშაულებში მათი მთავარი მოკავშირე ფინანსური მიმართულებით ეს ორი ადამიანი იყო. დირექტივა რაც არ უნდა იყოს, ჩვენ ვხედავთ ძალიან ცხად პროცესს, რომელსაც, მიუხედავად ამ მცდელობებისა ჩემი აზრით, დღის შუქი, არ უწერია“,- აღნიშნა ხელაძემ.