ლევან მახაშვილი: საზოგადოება ხედავს, რა მასშტაბის ცვლილებები მიმდინარეობს მსოფლიოში და საქართველოს მთავრობაც შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს
9
“საზოგადოება ხედავს, რა მასშტაბის ცვლილებები მიმდინარეობს ზოგადად მსოფლიოში, უსაფრთხოების რა მასშტაბის გამოწვევები არსებობს და, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობაც შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს, იმისთვის რომ მაქსიმალურად ეფექტიანად იყოს გამოყენებული სამართალდამცავ უწყებებში არსებული ყველა რესურსი”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.
„ადამიანებმა, რომლებმაც საკუთარი საქმიანობით არაერთხელ დაამტკიცეს უკვე, რომ ნამდვილად იმსახურებენ ამ დიდ ნდობას – მოსახლეობისგან, პარლამენტისგან, რომ ასეთ რთულ ვითარებაში ჩაუდგნენ სათავეში ასეთ მნიშვნელოვან უწყებებს, იქნება ეს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თუ ახალი სამინისტრო მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობით. ეს ემსახურება სწორედ იმას, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს და კიდევ უფრო განავითაროს ის მონაპოვარი, რასაც ჰქვია მშვიდობა და სტაბილური განვითარება ჩვენს ქვეყანაში”,- აღნიშნა მახაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს და კენჭს უყრის სტრუქტურულ ცვლილებას , რომლის თანახმადაც, იქმნება სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომლის ფუნქციაც სამართალდამცავი უწყებების კოორდინირება იქნება.