უკრაინამ რუსეთის საზღვართან ტანკსაწინააღმდეგო თხრილი და მავთულხლართის კედელი შექმნა
უკრაინის უშიშროების და თავდაცვის ნაციონალური საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის სპიკერის ანდრეი ლისენკოს დღევანდელი განცხადების თანახმად, უკრაინამ რუსეთის საზღვართან 62 კილომეტრი სიგრძის ტანკსაწინააღმდეგო თხრილი და 50 კილომეტრიანი მავთუხლართის წინაღობა შექმნა. ლისენკოს თქმით, გარდა ამისა, უკრაინელმა მესაზღვრეებმა 200 ახალი სათვალთვალო პუნქტიც გააკეთეს.
ზემოხსენებული ღონისძიება ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში უკრაინის პრემიერმა არსენ იაცენიუკმა გაახმოვანა, როდესაც რუსეთის საზღვართან თავდაცვითი ზღუდის პროექტის „Стена“-ს შექმნა დაანონსა. მოგვიანებით უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის გასამაგრებლად 100 მილიონი გრივნის გამოყოფა მოსთხოვა. პროექტის რეალიზაცია უკრაინის სამ ოლქში ხორციელდება. ამჟამად პროექტ „Стена“-ს განხორციელებაზე 7 მილიონი გრივნაა დახარჯული.