მოჭიდავეები პრემიერს შეხვედრას სთხოვენ

საქართველოს ჭიდაობის ნაკრების წევრები პრემიერ-მინისტრს დახმარებას და შეხვედრას სთხოვენ. ჭიდაობის ფედერაციაში ახალი ორგანო შეიქმნა. საზედამხედველო საბჭოში, ფედერაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან ერთად, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი და ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარეც იქნებიან.
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მივმართოთ საქართველოს მთავრობას და, პირადად, ბატონ პრემიერ-მინისტრს, მოგვაქციოს ყურადღება, დაგვეხმაროს ამ მდგომარეობიდან გამოსვლაში. ბიჭებმა განაგრძონ ვარჯიში და აღდგეს სამწვრთნელო პროცესი“, – განაცხადა საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა დავით მინდორაშვილმა.
„არანაირი პოლიტიკური დატვირთვა ამ მოძრაობას არ აქვს. ეს არის ადამიანური, სპორტული პროტესტი, სპორტსმენები და ყველა ხედავს, რომ ფედერაციაში მუშაობა სწორად არ იმართება. თხოვნა იქნება, რომ დაგვიდგნენ გვერდში“, – განმარტა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დავით გოგშელიძემ.
„ასე თუ გაგრძელდა, ოლიმპიურ მედლებზე კი არა, ოლიმპიურ ლიცენზიებზე იქნება პრობლემები. ძალიან ცუდია, რომ თითოეული ჩაგდებული ერთი დღისთვის ათი დღე გვჭირდება, რომ წინ წავიდეთ“, – განაცხადა მოჭიდავე რევაზ ლაშხმა.
„მორალი ასეთია და მიზანი, რომ თუ ადრე შეცდომა დავუშვი, ამას შეისწავლის საზედამხედველო საბჭო, დასკვნებს გამოიტანს. მაგრამ ხვალინდელი დღიდან შეცდომები აღარ უნდა დავუშვათ და, შესაბამისად, ვიმუშაოთ არსებული წესის და კანონის მიხედვით“, – აღნიშნა ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ედიშერ მაჩაიძემ.
შეგახსენებთ, რომ სპორტსმენები არ ვარჯიშობენ. მომავალში კი საქართველოს ნაკრებმა ევროპის თასის მოსაპოვებლად უნდა იბრძოლოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები