თეა ახვლედიანი ლამბალოს, მუღანლოს, დუზაგრამის და თულარის სოფლების მოსახლეობას შეხვდა და სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის ფარგლებში მიღწეული პროგრესი და სამომავლო გეგმები გააცნო

კახეთის რეგიონში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით ორგანიზებული საინფორმაციო კამპანია გრძელდება. ამჯერად, სახელმწიფო მინისტრი საგარეჯოს მუნიციპალიტეტს ეწვია და შეხვედრები გამართა ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული სოფლების – ლამბალოს, მუღანლოს, დუზაგრამისა და თულარის თემის მოსახლეობასთან.

თეა ახვლედიანმა მოსახლეობას, კამპანიის უმთავრესი მიზნები და ადგილობრივებისთვის შექმნილი შესაძლებლობები გააცნო, რომელიც, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მხრიდან გამოხატული ინტერესის შესაბამისად, ჯანდაცვისა და დასაქმების საკითხებს მიეძღვნა. მინისტრმა სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის ფარგლებში მიღწეულ პროგრესზეც ისაუბრა და სამომავლო გეგმებსა და ხედვებზე გაამახვილა ყურადღება.

„გრძელდება კახეთის რეგიონში ჩვენი საინფორმაციო კამპანია, რომლის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა საგარეჯოს მუნიციპალიტეტშიც საქმიან და მეტად თბილ ატმოსფეროში გაიმართა. ჩვენი აზერბაიჯანელი მოქალაქეების მხრიდან გამოვლინდა მაღალი ინტერესი შეხვედრაზე განხილულ ყველა აქტუალურ თემატურ საკითხთან დაკავშირებით. ასევე, აღინიშნა ის ძალისხმევა, რასაც ჩვენ ერთიანი სამთავრობო მიდგომით ვახორციელებთ სწორედ იმისთვის, რომ თითოეულ მოქალაქეს განურჩევლად ეთნიკური კუთვნილებისა ჰქონდეს თანაბარი და შეუფერხებელი წვდომა სახელმწიფოს მხრიდან მათთვის გახსნილ მხარდამჭერ შესაძლებლობებზე. ხაზი გაესვა იმ მნიშვნელობასაც, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა ანიჭებს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ამგვარ უშუალო და პირდაპირ კომუნიკაციას, მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის და საჭიროებებზე რეაგირების მიზნით,” – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

შეხვედრებში ასევე მონაწილეობდნენ და აუდიტორიას სიტყვით მიმართეს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ გულიკაშვილმა.

კახეთის მასშტაბით სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ მრავალკომპონენტიანი საინფორმაციო კამპანია წარიმართება სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელმძღვანელობითა და კოორდინაციით, რეგიონის ადგილობრივ თვითმმართველობებთან მჭიდრო თანამშრომლობითა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა უშუალო მონაწილეობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები