უნივერსიტეტების პედაგოგების გახმაურებული ოჯახური მკვლელობები და ყავის ჭიქით მოკლული პროფესორი
უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების პედაგოგების და, ამავდროულად, საკუთარი ყოფილი თუ მოქმედი მეუღლეების მკვლელობები მსოფლიოში არცთუ ისე იშვიათად ხდება. მიზეზი – სხვადასხვაა, თუმცა შედეგი, უმეტეს შემთხვევაში, სამწუხაროდ, ერთი და იგივე.
ერთ-ერთი გახმაურებული მკვლელობა, რომელმაც ყველა გააოცა, იაპონიაში მოხდა. საკვირველია, თუმცა 61 წლის ქალმა საკუთარი პროფესორი ქმარი ყავის ჭიქით მოკლა. მიზეზი – ღალატი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა თავისი მეორე ნახევარი – იოკოჰამას უნივერსიტეტის პროფესორი სხვა ქალთან ურთიერთობაში ამხილა. ამის შემდეგ მამაკაცის მეუღლე აფექტში ჩავარდა და ყავის ჭიქით ქმარს თავში და სახეში 10 დარტყმა მიაყენა. პროფესორი ჰოსპიტალიზირებული იყო, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. უგონოდ მყოფი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
კიდევ ერთი მსგავსი მკვლელობა ამერიკაში, ერთ-ერთ უნივერსიტეტში 2009 წლის გაზაფხულზე მოხდა. პროფესორმა საკუთარი ცოლი და უნივერსიტეტის თეატრის 2 მსახიობი მოკლა. უბედური შემთხვევა ჯორჯიის შტატში, საუნივერსიტეტო თეატრში სპექტაკლის წინ მოხდა. მკვლელმა, 57 წლის ჯორჯ ზინხანმა ყოფილი მეუღლე – 47 წლის მარი ბრიუსი და 2 მსახიობი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, 2 ადამიანი კი დაჭრა.
ცნობილია, რომ მკვლელს 2 იარაღი ჰქონდა. მკვლელობის შემდეგ ჯორჯ ზინხანი სახლში დაბრუნდა და თავისი 2 მცირეწლოვანი შვილი მეზობლის სახლში გადაიყვანა.
ეჭვიანობის ნიადაგზე ქმრის მსხვერპლი რუსეთში 41 წლის გეოგრაფიის მასწავლებელი გახდა. ქმარმა ქალი-პედაგოგის მკვლელობა მასწავლებლის დღეს დაამთხვია. მეუღლე მამაკაცმა სანადირო თოფით მოკლა.
კიდევ ერთი შემთხვევა: მკვლელობა ამჯერად თავად პროფესორმა, მათემატიკის მეცნიერების დოქტორმა ჩაიდინა. რუსეთის მოქალაქემ ყოფილ მეუღლეს თავში ცეცხლსასროლი იარაღი ესროლა და მოკლა. როდესაც პოლიცია ადგილზე მივიდა, მამაკაცი სამართალდამცავებს თავად გამოელაპარაკა, თითქოს არაფერი მომხდარა და აღნიშნა, რომ საერთოდ არ ესმის, თუ რაზე საუბრობდნენ ისინი და რატომ იყვნენ მისულები. გავრცელებული ინფორმაციით, „კალაშნიკოვის“ ავტომატი მკვლელმა საკვამურში გადამალა. ცნობილი გახდა, რომ მკვლელს სახლში ასევე 4 ტრავმატული, 1 გაზის იარაღი და 4 სანადირო თოფი ჰქონდა. მეუღლეები გაყრილები იყვნენ და სასამართლოში ქონების გაყოფაზე ჰქონდათ შეტანილი სარჩელი. მკვლელი დააპატიმრეს.
2013 წელს ცნობილი გახდა კიდევ ერთი პროფესორის შესახებ, რომელიც მანიაკი აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ის ფსიქოლოგიის სპეციალისტი იყო. მანიაკმა სენტ ჯეიმსმა ახალგაზრდობაში საკუთარი ოჯახი მთლიანად ამოწყვიტა. მან ოჯახის წევრები იმიტომ მოკლა, რომ ისინი მას აღიზიანებდნენ. მას შიზოფრენია და ნარკოტიკული დამოკიდებულება დაუდგინეს. ფსიქიატრიულ კლინიკაში მანიაკმა 6 წელი გაატარა, რის შემდეგ ფსიქოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა და პროფესორად იქცა. მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ ახლახან გახდა ცნობილი.
ილინოისის უნივერსიტეტში კიდევ ერთი გახმაურებული შემთხვევა მოხდა, როდესაც 14 თებერვალს, შეყვარებულთა დღეს სისხლიანი გარჩევა ამჯერად სტუდენტმა მოაწყო. შავებში ჩაცმული ახალგაზრდა მამაკაცი აუდიტორიაში შევიდა, სადაც ლექცია მიმდინარეობდა და ჩუმად სროლა დაიწყო. მან 30-ჯერ გაისროლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა.