პუტინი და პოროშენკო: პოზიტიური, თუმცა რთული შეხვედრა იყო
უკრაინის და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტების – პეტრე პოროშენკოს და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა მილანში რთული და დაძაბული, თუმცა პოზიტიური იყო. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მოლაპარაკებები კონსტრუქტიული იყო, მაგრამ დისკუსიის მონაწილეებს კვლავ მრავალი აზრის სხვადასხვაობა გააჩნიათ.
შეგახსენებთ, რომ საუბრის მთავარი თემა – უკრაინის კრიზისი იყო. მხარეებს შორის სერიოზული აზრის სხვადასხვაობა სამშვიდობო შეთანხმების რეალიზების კუთხით დარჩათ.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დევიდ ქემერონის თქმით, პუტინმა აღნიშნა, რომ მას არ სურს „უკრაინის გაყოფა“ და „კრიზისის გაყინვა“. თუმცა ამისთვის მინსკის შეთანხმებების შესასრულებლად მოსკოვს რეალური ქმედებების განხორციელება მოუწევს, – აღნიშნა ქემერონმა. თავად პუტინმა კი მოკლედ დაარქვა შეხვედრას: „კარგი, პოზიტიური“. იტალიის პრემიერ-მინისტრის მათეო რენცის განცხადებით, „კონსტრუქტიულ დისკუსიაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა“. თავად უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო კი ასე ოპტიმისტურად არ გამოიყურებოდა. „სამწუხაროდ, არც ისე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“.
პუტინის პრესმდივნის განცხადებით, დისკუსიის მონაწილეები კიდევ ერთხელ, პარასკევს, „ნორმანდის ფორმატში“ შეხვდებიან ერთმანეთს.
უკრაინის და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტები – პეტრე პოროშენკო და ვლადიმერ პუტინი მილანში საუზმის დროს შეხვდნენ ერთმანეთს. შეხვედრა ფორუმ „აზია-ევროპის“ ფარგლებში გაიმართა. მასში ასევე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, ევროკომისიის ხელმძღვანელები – ჟოზე მანუელ ბაროზუ და ხერმან ვან რომპეი მონაწილეობდნენ. შეხვედრა იტალიის პრემიერის მათეო რენცის მიერ იყო ორგანიზებული.