თენგიზ შარმანაშვილი – დანიელ ფესლერზე: ოდესმე თუ შევხვდები მას, ამ ობიექტურობისთვის მადლობას გადავუხდი
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე შვეიცარიის დელეგაციის ხელმძღვანელის დანიელ ფესლერის გამოსვლას აფასებს, რომელიც საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხებოდა.
„მიხარია, რომ ევროპაში არის გარკვეული წრე ობიექტური პარლამენტის წევრებისა. არ ვიცნობ ამ ადამიანს, მაგრამ ოდესმე თუ შევხვდები მას, ამ ობიექტურობისთვის მადლობას გადავუხდი. ობიექტურად შემფასებელი ადამიანები სანთლით საძებარი გახდა და ეს ძალიან ცუდია. მე დარწმუნებული ვარ. დადგება დრო, როდესაც ეს სიმართლე იქნება საყოველთაოდ გაცხადებული და ყველასთვის ცნობილი ევროპაში“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, შვეიცარიის დელეგაციის ხელმძღვანელმა გუშინდელ დებატებზე განაცხადა: „არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წევრი ვიყავი. არჩევნების მეორე დღეს დამკვირვებლები შევიკრიბეთ და დავასკვენით, რომ არჩევნები იდეალურად იყო ორგანიზებული და არანაირი დარღვევა არ მომხდარა“.