მიხეილ სარჯველაძე: სახელმწიფო აიღებს პასუხისმგებლობას, რომ სერვისი ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი, თუმცა ეს ვერ იქნება ნარკომოხმარების ლეგალური ფორმა – ამას ექნება კომპონენტი, რომელიც გულისხმობს განკურნებაზე ორიენტირებას
სახელმწიფო აიღებს პასუხისმგებლობას, რომ სერვისი ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი. თუმცა აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ვერ იქნება უბრალოდ ლეგალური ფორმა ნარკოტიკების მიწოდების და ნარკომოხმარების. ამას ექნება ის კომპონენტი, რომელიც გულისხმობს განკურნებაზე ორიენტირებას, ბენეფიციარის მხარდაჭერას, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ნარკოპოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მიუღებელია, რომ ქალაქის ცენტრში იყოს დაწესებულებები, სადაც ბენეფიციარები ყოველდღიურად დადიან ნარკოტიკის მოსახმარად.
„საკმარისია ოდნავ ჩავუღრმავდეთ საკითხს, არ დავრჩეთ ზედაპირზე და შორიდან მაცქერლების როლში და ყველაფერი ნათელი იქნება, რომ ეს არის გამონაგონი პრობლემატიკა, მაგალითად პერსონალური მონაცემების დაცვა – დაუცველობასთან დაკავშირებით. უხეშად რომ ვთქვათ, ძალიან ბევრ ისეთ პროგრამას წარმართავს სახელმწიფო, სადაც ძალიან მაღალია რა თქმა უნდა ინტერესი პერსონალური მონაცემის დაცვისა და სახელმწიფო როგორღაც ახერხებს იმას, რომ პერსონალური მონაცემები იყოს ნამდვილად დაცული აბსოლუტურად სრულფასოვნად, დაწყებული შიდსის პროგრამით, დამთავრებული ტუბერკულოზით. არ მგონია, რომ ეს საზოგადოებას ოდესმე, სადმე შეხვედროდა, რომ აქ მაგალითად პერსონალური მონაცემების კუთხით რაიმე ირღვევა. და მეორე, წინა მოწვევის პარლამენტში მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტი პერსონალური მონაცემების დაცვისა, რომელიც ასოცირების შეთანხმებით იყო გათვალისწინებული. საკმაოდ მაღალი საკანონმდებლო აქტი გვაქვს, რომელიც არის გარანტი იმის, რომ პერსონალურ მონაცემები დაცული იქნება.
და მეორე, ქალაქი შუაგულში რომ ცენტრი ფუნქციონირებს და იქ, რომ ყოველდღიურად ადამიანი დადის კონკრეტული ნარკოტიკული საშუალების მოსახმარად, რომელიც ყველამ იცის, იქვე მცხოვრებმა, რომ ეს არის ამ დანიშნულების და ფუნქციის დაწესებულება, იქ ანონიმურობასთან დაკავშირებით, მე არ მგონია, რომ ეს ანონიმურობაა, რაც იზიდავს კერძო სექტორში პაციენტებს.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენი მიზანი არ არის და არ ვერჩით არცერთ შემთხვევაში ნარკომომხმარებელს. ჩვენი ამოცანაა, რომ რამენაირად ვერჩოდეთ და დავამარცხოთ ის ინტერესები, რომელიც გულისხმობს ნარკომომხმარებლებზე ხელის მოთბობას, კომერციული ინტერესების დაკმაყოფილებას. ეს არის ალბათ მნიშვნელოვანი. ამიტომ ჩვენი მიზანი არ გახლავთ ის, რომ რომელიმე ბენეფიციარს პრობლემა შევუქმნათ მაგალითად ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. არამც და არამც. ეს არ არის ჩვენი მიზანი. ჩვენ პირიქით, შევეცდებით მაქსიმალურად, რომ ეს იყოს ხელმისაწვდომი ერთმნიშვნელოვნად, ნებისმიერი პარამეტრის მიხედვით, ფასი იქნება ეს, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა თუ ნებისმიერი სხვა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის გამო ეს ყველაფერი ხორციელდებოდეს ქალაქი შუაგულში, იქ, სადაც მაგალითად ბავშვები იყრიან თავს.
მომსახურების ღირებულებას რაც შეეხება, ამაზეც არ ფლობთ ინფორმაციას რა მომსახურებაში ვინ რას იხდიდა. მაგრამ ეს რომ იაფიანი სერვისი არ იყო, დანამდვილებით შემიძლია ვთქვა. რაც შეეხება საკითხს იმის თაობაზე, იქნება თუ არა ხელმისაწვდომი ეს სერვისი კვლავ? დიახ, რა თქმა უნდა. სახელმწიფო სწორედ რომ პასუხისმგებლობას აიღებს, რომ ყველასთვის იყოს სერვისი ხელმისაწვდომი. თუმცა აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ვერ იქნება უბრალოდ ლეგალური ფორმა ნარკოტიკების მიწოდების და ნარკომოხმარების. ამას ექნება ის კომპონენტი, რომელიც გულისხმობს განკურნებაზე ორიენტირებას, მხარდაჭერას ბენეფიციარის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
შეგახსენებთ, რომ ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელება სრულად სახელმწიფოს დაქვემდებარებაში გადავა და ამ მომსახურების გაწევა კერძო სუბიექტებს აეკრძალებათ. ასევე იზღუდება ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი და ეს მიმართულებაც სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება.