ალექსანდრე რაქვიაშვილი – ოპოზიციაზე: ვერ დაგეთანხმებით, რომ გარიყული ვართ, უბრალოდ, ამ ხალხთან ერთად ყოფნა უხერხულია, სინამდვილეში კლოუნადაა მოწყობილი

პარტია „გირჩის“ სათათბიროს წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, ისინი დანარჩენი ოპოზიციისგან გარიყულები არ არიან, უბრალოდ მათთან ერთად ყოფნა უხერხულად მიაჩნიათ.

როგორც მან „ღამის კურიერის“ ეთერში აღნიშნა, ადამიანებს შეიძლება შეცდომები მიუტევო, მაგრამ ისინი „უსასრულოდ მათი სულის გადარჩენაზე ვერ იმუშავებენ“.

„ვერ დაგეთანხმებით, რომ გარიყული ვართ. უბრალოდ, ამ ხალხთან ერთად ყოფნა უხერხულია. უხერხულია ამ კოალიციასთან თუ გაერთიანებასთან ერთად ყოფნა, რადგან ეს პარტიები სულ რაღაც არაადეკვატურობას ავლენენ თვეების მანძილზე თუ მეტი არა.

გასაგებია, ჩვენ ზოგადად ყოველთვის გვაქვს იმედი. ქრისტიანი ხალხი ვართ და შემდეგ მივუტევოთ ადამიანებს, ვაპატიოთ, გავუგოთ, დაველაპარაკოთ. ბოლოს და ბოლოს, შეიძლება ადამიანმა შეცდომა დაინახოს და გამოსწორდეს, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ უსასრულოდ მათი სულის გადარჩენაზე ხომ არ ვიმუშავებთ. ამიტომ, ჩვენ არაერთი მცდელობა გვქონდა, რომ რაღაც დისკუსია შემდგარიყო, მაგრამ პრინციპის დონეზე პოლიტიკოსებს არ აქვთ უნარი ილაპარაკონ. ირაკლი [კუპრაძე] ზის თქვენთან სტუდიაში და წარმოიდგინეთ, „ლელომ“ განაცხადა, რომ დისკუსია უნდა გაიმართოს ადგილობრივი არჩევნების ირგვლივ. მშვენიერი ინიციატივაა, ოღონდ მათივე ტელევიზიებში, რომელსაც თვითონ აკონტროლებენ, არანაირი დისკუსია არ გამართულა ამის თაობაზე და დისკუსია დაბლოკილია. სინამდვილეში კლოუნადაა მოწყობილი“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები