“ევროპის საბჭოში ძალიან ცალსახაა საქართველოს პოზიციონირება და ამ ორგანიზაციის მნიშვნელობა საქართველოსთვის – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განმტკიცების კუთხით” – თამარ ტალიაშვილი

“საქართველო მზად არის იმისთვის, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს, დეტალური გზამკვლევი შედგეს იმისა, თუ როგორ აღვადგენთ ჩვენ ამერიკულ-ქართულ ურთიერთობებს და ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ საქართველოს ნამდვილად ექნება იმის შანსი, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს, აღდგეს და ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს და გახდეს უფრო მასშტაბური”, – ამის შესახებ „იმედის კვირას“  საქართველოს ახალმა ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, თამარ ტალიაშვილმა განუცხადა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ინერციით, როგორც აშშ-ში, ისე სხვა ერთ ქვეყანაში მიმდინარეობს გარკვეული პროცესები და გარკვეული მცდარი ხედვები საქართველოს ამა თუ იმ ნაბიჯთან დაკავშირებით, საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთიანი პროცესი და, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, რომ გარკვეული დრო დასჭირდეს წარმატების მიღწევას. ეს არის ძალიან ბუნებრივი პროცესი, რადგან ჩვენ ვხედავდით, რომ, სამწუხაროდ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქართველოსთან მიმართებით იყო ნეგატიური განწყობების ჩამოყალიბების დიდი სურვილი და ახლა ახალი სივრცის შექმნა, ახალი ურთიერთობებისთვის, დაკავშირებული იქნება ძალისხმევასთან როგორც შეერთებული შტატების, ისე საქართველოს მხრიდან.

აუცილებელია გავიხსენოთ ქართველი ჯარისკაცების შეტანილი წვლილი და როლი ამ ურთიერთობების გაძლიერებაში. როგორც მოგეხსენებათ, ქართველი ჯარისკაცები ამერიკელ ჯარისკაცებთან მხარდამხარ იბრძოდნენ საერთაშორისო უსაფრთხოების წესრიგის დასაცავად ავღანეთსა და ერაყში და ჩვენ არაერთხელ დაგვიდასტურებია ის, რომ საქართველო რეგიონში არის აშშ-ის სანდო პარტნიორი.

ევროპის საბჭოში ძალიან ცალსახაა საქართველოს პოზიციონირება და ამ ორგანიზაციის მნიშვნელობა საქართველოსთვის – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განმტკიცების კუთხით. უნდა ითქვას, რომ ბოლო რამდენიმე წელიწადი იყო განსაკუთრებით შთამბეჭდავი იმ მიღწევებით, რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია ამ მიმართულებით. მე გამოვყოფდი 2021, 2023 და 2024 წლის ევროპის საბჭოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს საქართველოს სასარგებლოდ რუსეთის წინააღმდეგ, რომლებიც ადგენს რუსეთის ფედერაციის ეფექტურ კონტროლს, ანუ ოკუპაციას საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის. ეს გადაწყვეტილებები იძლევა საფუძველს იმისთვის, რომ ჩვენ ძალიან მტკიცედ და მყარად გვქონდეს გამყარებული საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები საქართველოს სიმართლის დასაცავად“, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები