ელენე ხოშტარია შიმშილობას იწყებს
„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე შიმშილობას იწყებს.
მისი თქმით, მზად არის, „თავი შეწიროს რეჟიმს“.
„რუსთაველზე გადავწყვიტე მოსვლა, რადგან ეს არის ადგილი, სადაც იმართება მთავარი ბრძოლა ჩვენი ქვეყნის და ეს ბრძოლა არის რუსეთთან ბრძოლა. ამ ბრძოლაში ჩვენ გავიარეთ ბევრი ეტაპი. გავიარეთ ეტაპი, როდესაც ვამაყობდით, რომ 300 ათასი ადამიანი ვდგავართ გარეთ, ვართ ძლიერები, გავიარეთ ეტაპი, როდესაც იჭერენ პოლიტიკოსებს, გავიარეთ ეტაპი, როდესაც ჩვენს პოლიტპატიმრებს დედები და მამები უკვდებიან და არიან ციხეში, გავიარეთ მძიმე და საამაყო ეტაპები. ახლა, როდესაც რეჟიმი გადმოვიდა ახალ შეტევაზე, დაიჭირა, პრაქტიკულად, ყველა პოლიტიკოსი, მინდა, გამოვაცხადო ახალი ფორმა ჩემი ბრძოლის.
ეს ფორმა არ არის ან ემოციური, ან გაუაზრებელი, ეს არის გამარჯვებაზე ორიენტირებული ბრძოლა. რუსთაველზე ვიწყებ შიმშილობას, აქედან არ მოვიცვლი ფეხს. შიმშილობა არ არის თავგანწირული, უბრალოდ რაღაც სასოწარკვეთილი ნაბიჯი, ეს არის ძალიან მტკიცე გადაწყვეტილება. თქვენ თუ ვერ ხედავთ სიცოცხლის, თავისუფლების ფასს, თუ თქვენთვის გიორგი ახობაძის დედის სიკვდილი, ონისე ცხადაძის მამის გარდაცვალება არაფერს ნიშნავს, აგერ არის ჩემი სიცოცხლეც, თავისუფლებაც და მაინც ვერ მოგვერევით. ეს არის ჩემი განაცხადი „ქართული ოცნებისთვის“. მეორე განაცხადი არის ხალხისთვის – რევოლუცია და გარეთ, ქუჩაში ამათი დამხობა არის ერთადერთი გზა. ვერავის ვასწავლი ჭკუას, როდის გამოვიდეს ქუჩაში, ვერავის მოვუწოდებ, იშიმშილოს, ციხეში ჩაჯდეს ან როდის გამოვიდეს, მხოლოდ ჩემი მაგალითით შემიძლია, ვთქვა, რომ მზად ვარ, თავი შევწირო ამ რეჟიმს და შევწირავ“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.