დიმიტრი ხუნდაძე: როცა ელჩები ერევიან საარჩევნო პროცესებში, მოუწოდებენ ამომრჩევლებს, მიიღონ იმდაგვარი გადაწყვეტილება, რაც გარე დაკვეთისთვის იქნება მისაღები, ვფიქრობ, ასეთმა ელჩებმა უნდა დატოვონ საქართველო
„თუ საჭიროა, ასეთმა ელჩებმა უნდა დატოვონ საქართველო. გთხოვთ, უფრო პრინციპულები იყოთ და პრინციპულობა არ გამოიხატებოდეს მხოლოდ სათქმელში,” – განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის” თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ, სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენების შემდეგ.
დეპუტატმა დასვა კითხვა, რატომ არ ვართ უფრო პრინციპულები იმ ელჩების მიმართ, რომლებიც ხელს უწყობს ქვეყანაში შიდა რევოლუციური პროცესების განვითარებას და დესტრუქციას?
მისი თქმით, ასეთი ელჩების მიმართ არ უნდა იყოს მხოლოდ მკაცრი ტონი, არამედ უნდა იყოს მკაცრი ქმედება და თუ საჭიროა, ასეთმა ელჩებმა უნდა დატოვონ საქართველო.
„მოგესალმები კოლეგებო, მივესალმები პრემიერ-მინისტრს და სამთავრობო გუნდს, გისურვებთ წარმატებებს. მე იმ პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი ვარ, რომელსაც გუნდის სხვა წევრებთან ერთად მოუწია გაუკვალავზე სიარული. ეს იყო რთული, მაგრამ უალტერნატივო გზა. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა უბედურებას ვერ აიცილებდა თავიდან. ამ ქვეყნის უბედურებას ბევრი ელოდა, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით. სურდათ საქართველო დაემორჩილებინათ, ცალ ფეხზე დაეყენებინათ და ქვეყნის გარედან წამოსული ნებისმიერი დაკვეთა შიგნით შემსრულებლებს ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე შეესრულებინათ. საბედნიეროდ ეს ყველაფერი თავიდან ავიცილეთ. ყველა დამეთანხმება, რომ ამ გზაზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შეუდარებლად პრინციპული იყო. საქართველოს ინტერესებს არავის უთმობდა, არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ, არც დიდებს და არც პატარებს.
როცა ვსაუბრობთ მშვიდობაზე ვფიქრობ, რომ აუცილებელია ბატონი, ბიძინა ივანიშვილის ჩართულობა დ მისი დამსახურება აუცილებლად ვახსენოთ. ამ ტრიბუნიდან, არამხოლოდ, როგორც პოლიტიკოსმა, არამედ როგორც ოჯახის უფროსმა, რომელსაც ჰყავს შვილები და შვილიშვილები მსურს მადლობა გადავუხადო მას მშვიდობისათვის. ვფიქრობ, რომ თითოეული ოჯახისგან ასეთ ქმედებას იმსახურებს მმართველი გუნდი და ნებისმიერი სასიკეთოდ მოქმედი ადამიანი. დღეს მსოფლიო იარაღზე იყურება. ბევრი ელოდება და ახლაც ცდილობენ, საქართველო ჩართონ ღია დაპირისპირებაში. ხან მიშა შემოგვიყვანეს, ხან სანქციების დაწესება მოგვთხოვეს, იარაღის გაგზავნა დაგვავალდებულეს, ასევე მებრძოლების გაგზავნა ჩარტერული რეისით. რა თქმა უნდა, ეს იყო მიუღებელი და სწორედ ის გზა, რომელიც საქართველოს მიიყვანდა ომამდე.
პირდაპირ დაიწყეს თვალებში ნაცრის შეყრა. დეზინფორმაცია, რომელიც მტრობის სტიმულირებისთვის იყო გამოყენებული, ზიზღის ენა, რომ სიმართლის თქმაზე ხელი აეღო ნებისმიერ მოქალაქეს და პოლიტიკოსებს, იმისთვის, რომ მათ თავისი საქმე არ გაეკეთებინათ და დამორჩილებოდნენ გარე დაკვეთებს. გახსოვთ ალბათ, როცა გამჭვირვალობის კანონი მივიღეთ ის, რაც დასავლეთში უკვე დამკვიდრებული სტანდარტია, ამბობდნენ, რომ საქართველოში იყო რუსული. მაუწყებლობის შესახებ კანონი – ბრიტანული კანონიდან ერთი-ერთში გადმოვიტანეთ, არის „ბი-ბი-სის” სტანდარტი, მაგრამ თურმე ეს კანონი საქართველოში სიტყვის თავისუფლებას აზიანებს.
ვფიქრობ, ასეთი მიდგომები სახიფათოა. სწორედ ასეთი მიდგომებით სურდათ, ქვეყანა უბედურებაში გაეხვიათ. ყველა ჩვენგანი პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალყურს, თუ როგორ ებრძოდნენ პიროტექნიკით პოლიციელებს, ლამის პარლამენტის შენობაში ცეცხლი გააჩინეს, ზუსტად მსგავსი რამ გერმანიაში, დასჯადია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით, ჩვენთან კი თურმე ეს გამოხატვის თავისუფლების ფორმა უნდა ყოფილიყო. ვნახეთ, პოლიციელებზე თავდასხმაც, ცდილობდნენ ცოცხლად დაეწვათ პოლიციელი და ეს შერაცხეს, როგორც გმირობა.
პრეზიდენტს, რომელიც საკუთარ გადაწყვეტილებებში თავისუფალი არ იყო დაუკვეთეს, ეს გმირობად გამოეცხადებინა და დამნაშავე შეეწყალებინა. ყველაფერი იყო დასაშვები საქართველოში რადიკალური ოპოზიციის აგენტურის მხრიდან, მაშინდელი პრეზიდენტის მიერ კი უნდა ყოფილიყვნენ დაცულები.
ელჩების ქმედებები – არამხოლოდ საპარლამენტო ოპოზიცია, არამედ მმართველი გუნდი, ხშირად პრემიერ-მინისტრი, სამთავრობო გუნდის წარმომადგენლებიც ვამბობთ სიმართლეს, რომ ელჩები ხშირად ერევიან შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში, არჩევნებში, ისინი ხელს უწყობენ ქვეყანაში რევოლუციური პროცესები განვითარებას. რატომ არ ვართ უფრო პრინციპულები? მხოლოდ სათქმელი არ არის საკმარისი. ვფიქრობ, როდესაც ელჩი არღვევს ვენის კონვენციას, რაც საერთაშორისო ვალდებულება და სტანდარტია, ელჩი, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში შიდა რევოლუციური პროცესების განვითარებას, დესტრუქციას, ელჩი კი არა ელჩები, იმიტომ, რომ სამწუხაროდ ამას მხოლოდ ერთი ელჩი არ აკეთებს. როცა ისინი [ელჩები] ერევიან საარჩევნო პროცესებში და პირდაპირ მოუწოდებენ ამომრჩევლებს, რომ მიიღონ იმდაგვარი გადაწყვეტილება, რაც გარე დაკვეთისთვის იქნება მისაღები, ვფიქრობ, ასეთი ელჩების მიმართ არ უნდა იყოს მხოლოდ მკაცრი ტონი, უნდა იყოს მკაცრი ქმედება და თუ საჭიროა, ასეთმა ელჩებმა უნდა დატოვონ საქართველო. გთხოვთ, უფრო პრინციპულები იყოთ და პრინციპულობა არ გამოიხატებოდეს მხოლოდ სათქმელში,” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.