დიმიტრი ხუნდაძე: თურმე შესაძლებელია ამ დარბაზში მშვიდად მოუსმინოს დეპუტაციამ პრემიერ-მინისტრს ისე, რომ არ იყოს აურზაური, ბულინგი, გინება, გაუაზრებელი პერფორმანსები, ქუჩიდან შემოძახილები

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის” თავმჯდომარემ, მცხეთა-მთიანეთის დელეგატმა დიმიტრი ხუნდაძემ, საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას მცხეთა-მთიანეთში მოსახლეობის პრობლემებზე ისაუბრა. დეპუტატმა სამთავრობო გუნდს რიგ საკითხებში მხარდაჭერა სთხოვა და სხვადასხვა ქალაქებისა თუ სოფლების მოსახლეობის პრობლემები დეტალურად განმარტა.

„ვადაგადაცილების კარგი ცუდი მაგალითია მცხეთის ხიდი და ეს არ ეხება მხოლოდ მცხეთის გზას. ქვეყნის მასშტაბით ძალიან ბევრი პროექტია, რომელიც დათქმულ ვადებში ვერ შესრულდა მაგალითად, მცხეთის მუზეუმი”- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ და აღნიშნა, რომ ვადაგადაცილებების პრობლემა ქვეყნის მასშტაბით ბევრ დიდ პროექტზეა. მან ასევე ისაუბრა მცხეთის მთავარ პრობლემაზე – მორატორიუმზე და იმედი გამოთქვა, რომ სამთავრობო გუნდი ერთხელ და სამუდამოდ მოაგვარებს ამ პრობლემას.

„მინდა, როგორც დელეგატი, კონკრეტულ საკითხებს შევეხო.

ინფრასტრუქტურული მიმართულებით ყაზბეგს აქვს თხოვნა, აქვს ფინანსებიც, რომ სპორტულ-გამაჯანსაღებელი, მრავალფუნქციური კომპლექსი ააშენოს. საჭიროა სამთავრობო მხარდაჭერა ამ გადაწყვეტილებაში. მინდა გთხოვოთ, რომ ეს შესაძლებლობა მივცეთ;

ასევე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ აქტიურად განახორციელა ქსელური სისტემა, მაგრამ ქუჩები არის გადათხრილი და ამით უკვე შეწუხებულია ადგილობრივი მოსახლეობა. მინდა სამთავრობო გუნდს ვთხოვო, მათ ვისაც ეს ეხება, რომ გაითვალისწინონ ეს საკითხი;

დუშეთში ჯერ კიდევ არსებობს არაერთი უშუქო სოფელი და ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე პრიორიტეტული საკითხი, რომ სოფლები, სადაც ადამიანები ცხოვრობენ იყოს განათებული, არ აქვს მნიშვნელობა ბევრნი, ცოტანი თუ თითო კაცი ( ესეც შესაძლოა რომელიმე სოფელში) ცხოვრობს, აუცილებელია ამ პრობლემას მივხედოთ. თიანეთში, დაბა სიონის წყალმომარაგების სისტემა პრაქტიკულად არ არსებობს. ვიცი, რომ დიდი ხანია არსებობს ამის პროექტი, ამიტომ ძალიან გთხოვთ, მხოლოდ პროექტი არ იქნება საკმარისი. მით უმეტეს, მოსახლეობას ჰქონდა მაშინ ინფორმაცია, როცა პროექტირებაზე იყო საუბარი და დაპირება გაიცა. დღეს მინდა, რომ ეს საკითხი გავააქტიუროთ.

მცხეთასთან დაკავშირებით არც ერთ პროექტს არ შევეხები ახლა. ხშირად ვახსენებდი ხიდის პრობლემას და მინდა ინფრასტრუქტურის მინისტრს დიდი მადლობა ვუთხრა, მისი ჩართულობით გააქტიურდა ეს პროცესი. თუმცა, ვადაგადაცილების კარგი ცუდი მაგალითია სწორედ ეს და ეს არ ეხება მხოლოდ მცხეთის გზას. ქვეყნის მასშტაბით ძალიან ბევრი პროექტია, რომელიც დათქმულ ვადებში ვერ შესრულდა მაგალითად, მცხეთის მუზეუმი. საგარანტიო ვადა ისე გაუვიდა მუზეუმს, რომ ვერ გავხსენით. მცხეთის მთავარი პრობლემა, რაც კიდევ ერთხელ მინდა ამ ტრიბუნიდან ვთქვა, რომელიც უკვე 10 წელია არსებობს, არის მცხეთის მორატორიუმი. ქალაქს განვითარების პერსპექტივა არ აქვს და მოქალაქეები ამით ძალიან იზღუდებიან. ამიტომ, აუცილებელია სწრაფი გადაწყვეტილებები. ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოგვარდეს და დასრულდეს.

ერთი თხოვნით მინდა დავასრულო გამოსვლა, რომელიც ჩემმა სვანმა მეგობრებმა დამავალეს, თუმცა ტონალობა ისეთი ჰქონდათ თხოვნა არა, უფრო მოთხოვნა იყო – ეს არის თეთნულდის კურორტის შემაერთებელი გზა სოფელ მულახთან, საბაგირო გზაზეა საუბარი. შევასრულე მათი თხოვნა და მეც ვუერთდები და ერთად გთხოვთ ან მოვითხოვთ ამ გზის გაკეთებას.

მადლობა ბატონო ირაკლი, გისურვებთ წარმატებებს. თურმე შესაძლებელია ამ დარბაზში მშვიდად მოუსმინოს დეპუტაციამ პრემიერ-მინისტრს. შესაძლოა იყოს კრიტიკაც, დაისვას კითხვებიც, იყოს შენიშვნებიც, შეთავაზებებიც ისე, რომ არ იყოს აურზაური და მათთვის მახასიათებელი მეთოდით ვინმე არ წამლავდეს დარბაზს, არ იყოს ბულინგი, გინება, გაუაზრებელი პერფორმანსები, ქუჩიდან შემოძახილები. თურმე შესაძლოა, რომ კრიტიკაც, შეთავაზებებიც, მკვახე ნათქვამიც იყოს მშვიდ გარემოში ისე, როგორც საპარლამენტო ცხოვრებას ეკადრება და მით უმეტეს, საქართველოში ჩავატაროთ ასეთი საპარლამენტო დღე,”- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები