ლევან მაჭავარიანი: სიღარიბესთან ბრძოლა პრემიერმა ქვეყნის გამთლიანებასთან ერთად გამოყო, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრიორიტეტი
“ძალიან შთამბეჭდავი ანგარიში იყო ბატონი პრემიერის მიერ წარმოდგენილი,” – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა, პრემიერ-მინისტრის მიერ პარლამენტში წარდგენილი ანგარიშის შესახებ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, დაახლოებით 100 მილიარდი ლარის ფარგლებში იქნება ქვეყნის ეკონომიკა ამ წლის ბოლოს, ხოლო 1 სულ მოსახლეზე 10 ათას დოლარს ზემოთ.
„ეკონომიკასთან დაკავშირებით ხაზი გაესვა 2024 წელს კვლავაც უპრეცედენტო ეკონომიკურ ზრდას, ეს იყო 9.4%, ჩვენი ჯამური ეკონომიკა 90 მილიარდზე მეტია. რაც არის პროგნოზირებული არა მხოლოდ ჩვენს მიერ, არამედ მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ, დაახლოებით 100 მილიარდი ლარის ფარგლებში იქნება ჩვენი ეკონომიკა ამ წლის ბოლოს, ხოლო 1 სულ მოსახლეზე 10 ათას დოლარს ზემოთ. ეს ნიშნავს, იმას, რომ ჩვენ თუ ამ ტემპით გავაგრძელებთ, 5 წელიწადში ძალიან დიდი ალბათობით, გადავალთ მაღალშემოსავლიანი ქვეყნების რანგში.
რაც შეეხება უმუშევრობას და სიღარიბეს – სიღარიბესთან ბრძოლა პრემიერმა ქვეყნის გამთლიანებასთან ერთად გამოყო, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრიორიტეტი. ეს რიცხვიც არის შემცირებული ეკონომიკის ზრდასთან ერთად 2024 წლის ბოლოსთვის უმუშევრობა იყო 13%-ის ფარგლებში, როდესაც 12 წლის წინ ეს იყო ორჯერ უფრო დიდი რიცხვი. დღეის მდგომარეობით, სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ადამიანების რაოდენობა არის დაახლოებით 350 ათასი, რაც ნამდვილად არ არის პატარა რიცხვი ჩვენი ქვეყნისთვის. თუმცა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ 12 წლის წინ, როდესაც ჩვენ ხელისუფლება გადმოვიბარეთ, ეს რიცხვი აღემატებოდა 1 მილიონ 100 ათას მოქალაქეს”, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.