ლევან მაჭავარიანი ზვიად რატიანის საქმეზე: დონორები და დიპლომატიური კორპუსი ხელოვნურად ახალისებენ ძალადობას – მას შემდეგ, რაც მზია ამაღლობელი გააგმირეს, ვხედავთ, როგორ ურტყამს ხელს პოლიციას რატიანი

ესეც, რა თქმა უნდა, არის დონორების „დამსახურება“. ჩვენ ვაფრთხილებთ დონორებს და მით უმეტეს შალვა პაპუაშვილი აქტიურობს ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით, რომ ისინი ხელოვნურად ახალისებენ, ამ შემთხვევაში, მხოლოდ დონორებზე არ არის საუბარი, დიპლომატიური კორპუსის გარკვეულ ნაწილზეცაა საუბარი, ხელოვნურად ახალისებენ ძალადობას,- ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

ლევან მაჭავარიანის თქმით, დიპლომატიური კორპუსის და დონორების მხრიდან მზია ამაღლობელის ჩადენილი დანაშაულის გმირად ქცევას მოჰყვა, სწორედ მწერალ ზვიად რატიანის მიერ მსგავსი ქმედების ჩადენაც.

„მაშინ როდესაც მაგალითად, მზია ამაღლობელი გააგმირეს, ვხედავთ როგორ ურტყამს ხელს [პოლიციას] ისევ რატიანი და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არის აღბეჭდილი და შესაბამისად ამაზეც აპელირება არის აბსურდი, უაზრობა, ვინაიდან ყველა პირდაპირ ეთერში ვხედავთ კადრს, თუ როგორ მოქმედებს ეს პიროვნება და როგორ ურტყამს პოლიციელს ხელს, რაც რა თქმა უნდა, არის დასჯადი საქციელი“,-განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, ზვიად რატიანი 23 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს დააკავეს და ბრალი წარედგინა პოლიციელზე თავდასხმის მუხლით, ბრალდება გათვალისწინებულია სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები