“მოვისმინეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, პროკურატურა ჩართულია, ეს არის ნაწილი იმ პოლიტიკისა, რომელიც გულისხმობს, რომ მნიშვნელოვანია არავის მიეცეს საშუალება საჯარო სახსრებისა და შესაძლებლობების უკანონო გამოყენებისა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის დაკავებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
„ასე რომ, ამ მხრივ ჩვენ მხოლოდ უნდა დავაკვირდეთ იმ ბრალდებებს, რომლებიც არის და მართლმსაჯულების გადაწყვეტილებას.
რაც შეეხება განაცხადს, რომ საქართველო კორუფციის ნაკლებობის მხრივ იყოს ლიდერ სამ ქვეყანაში, ეს გახლავთ პოლიტიკური განაცხადი, რომელიც შედგება როგორც საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნისგან, ისე სისხლის სამართლის პოლიტიკის წარმოებისა. ასე, რომ დღეს ჩვენ ვიცით, რომ საქართველო დღევანდელი მონაცემებითაც, თუ არ ვცდები, ევროკავშირის ცხრა ქვეყანას და ნატო-ს წევრ ქვეყნებს უსწრებს თავისი მაჩვენებლებით კორუფციის სიმცირით, თუმცა, ჩვენი მიზანია, რომ ვიყოთ საუკეთესო სამეულში.
რაც შეეხება ცალკეულ სისხლის სამართლებრივ საქმეებს, რა თქმა უნდა, ეს არ არის რაიმე პოლიტიკური მიდგომები, არამედ, ეს ზოგადი სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელებაა. მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჰყავს ახალი ხელმძღვანელი, რომელიც, თავისთავად ამ სისხლის სამართლის პოლიტიკის გასატარებლად იყო არჩეული საქართველოს პარლამენტის მხრიდან. ასე, რომ მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით, რაც შეეხება კორუფციასთან ბრძოლას, რაც შეეხება ნარკოდანაშაულებს, ეს ის ორი მიმართულებაა, რომელზეც პრემიერ-მინისტრმაც თავის დროზე, როდესაც ის ავირჩიეთ პრემიერ-მინისტრად, მთავრობას ნდობა გამოვუცხადეთ, მაშინაც ისაუბრა, რომ ეს მიმართულებები იქნებოდა მისი პრიორიტეტი. სხვა დანარჩენი, რა თქმა უნდა, არის სამართლებრივი პროცესის ნაწილი და მართლმსაჯულების ნაწილი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, რომეო მიქაუტაძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.