„უვიზო მიმოსვლის შეჩერების არანაირი საფუძველი არ არის, თუმცა, თუკი ადგილი ექნება თავნებობას და უსაფუძვლო გადაწყვეტილებებს, ამის წინასწარ განჭვრეტა ჩვენ არ შეგვიძლია”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა.
‘ვნახეთ, რომ მაგალითად, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით იქნა მიღებული გადაწყვეტილება ისე, რომ დაირღვა 2010 წლის საერთაშორისო ხელშეკრულება საქართველოსა და ევროკავშირს შორის.
არცერთი სამართლებრივი საფუძველი მოყვანილი არ ჰქონდათ და დღემდე არ დაუსახელებიათ სამართლებრივი საფუძველი იმ ხელშეკრულებიდან, რომელიც საფუძვლად იქნა აღებული შეჩერებისთვის. ამიტომ, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს. ვხედავთ, რომ ისინი, ვისაც აქვს საკმარისი ძალა, ცდილობენ, იმოქმედონ ძალის წესებით და არა კანონის წესებით. ამ შემთხვევაშიც ჩვენ, სამწუხაროდ, ვხედავთ ევროკავშირის ზოგიერთი, პოსტსაბჭოთა ქვეყნის მცდელობას, რომ თავისი საბჭოთა წარსულიდან გამომდინარე, კვლავ რაღაც ძალის მეთოდებით იმოქმედონ სხვა ქვეყნის და ხალხების მიმართ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.