ამერიკელი ჟურნალისტი – ქართველებს: ახლა სწორედ ის მომენტია, როდესაც წინდახედულობა გმართებთ, რომ არ მიიღოთ არავითარი დახმარება, რომელსაც აუცილებლად კუდი აქვს მობმული
“უკრაინაში ამერიკული სტრატეგია გახლდათ რუსეთის შეტყუება. დასავლეთში აცხადებდნენ, რომ მათ რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენება სურდათ. უკრაინა ტეხასის ზომისაა, ეს გიგანტური ზომის ტერიტორიაა და თავისთავად რუსებს გაუჭირდებოდათ მისი მთლიანად დაპყრობა, ოკუპაცია და დამორჩილება”, – ამის შესახებ ამერიკელმა ჟურნალისტმა, სკოტ ჰორტონმა რუსეთ-უკრაინის ომზე და საქართველოს მეორე ფრონტად გამოყენებაზე საუბრისას განაცხადა.
„ამერიკული იდეა შემდეგია, იქნება ეს ყაზახეთი, საქართველო თუ ბელარუსი, რუსები მუდამ იყვნენ ბალანსს აცდენილები, იყვნენ მიბმულები გამოწვევებზე, სამიზნე ქვეყნები კი გახდნენ იძულებულნი, იკისრონ პასუხისმგებლობა ისეთ საკითხებზე, რომლებიც თანხვედრაშია დასავლეთის ზოგად პოლიტიკასთან. ახლა სწორედ ის მომენტია როდესაც წინდახედულობა გმართებთ, რომ არ მიიღოთ არავითარი დახმარება, რომელსაც აუცილებლად კუდი აქვს მობმული.
ამერიკის შეერთებული შტატები არის მძლავრი ძალა, რომელიც იყენებს მომცრო სახელმწიფოებს, სხვა მძლავრი ძალების წინააღმდეგ. შესაძლოა, შემოგთავაზონ ფული, ხანმოკლე სარგებელი, მაგრამ თქვენ უნდა იყოთ შორსმჭვრეტელნი, შეაფასოთ თქვენი ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან მომავალში.
ჩემს წიგნში აურაცხელი რაოდენობის მკვლევრის მოსაზრებას ვიმეორებ, რომლის თანახმადაც, მიუხედავად იმისა, რომ პუტინს სააკაშვილი გულზე არ ეხატებოდა, მას საერთოდ არ სურდა საქართველოზე თავდასხმა. მას არ ჰქონდა საჭიროება. მაშინ კი, როდესაც სააკაშვილის მიერ სამხრეთ ოსეთზე თავდასხმისას შეიქმნა ამის პირობა 2008 წელს, პუტინს არც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი გაუნადგურებია, მას არ დაუნგრევია თბილისი და მას არც ძალის გამოყენებით უცდია საქართველოს რუსეთის შემადგენლობაში დაბრუნება, მადლობა ღმერთს. ასე რომ, მე ვერ დავეთანხმები პროპაგანდას, რომლის თანახმადაც პუტინს საბჭოთა კავშირის ან გნებავთ რუსეთის იმპერიის აღდგენა სურს. მე არ მგონია, რომ მას ასეთი გეგმები აქვს.
ყველა ღონე უნდა იხმაროთ. რომ თავიდან აიცილოთ ეს და პირველ რიგში რაც უნდა გააკეთოთ, არის – არ აჰყვეთ ამერიკულ მოწოდებებს. ამავე დროს მიმაჩნია, რომ დონალდ ტრამპი წინამორბედი ადმინისტრაციისგან ხარისხობრივად განსხვავებულია. ეს სინამდვილეში ჯო ბაიდენის პოლიტიკაა და მიმაჩნია, რომ დონალდ ტრამპს მაინცდამაინც არ სურს თქვენი რუსებთან შარში გახვევა, მაგრამ მაინც მოგიწოდებთ ჩემი რჩევის გათვალისწინებისკენ“, – აღნიშნა სკოტ ჰორტონმა.