სოზარ სუბარი: ქურდული სამყარო არ გამქრალა

  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა სოზარ სუბარმა “კვირის პალიტრასთან” ქურდული სამყაროს წევრებზე ისაუბრა. მინისტრმა გავრცელებულ ინფორმაციაზეც გააკეთა კომენტარი, რომლის მიხედვით, გეგუთში ე.წ. “ობშიაკი” გროვდება.
“ქურდული სამყარო რომ არ გამქრალა, ვიცით. რამდენიმე დღის წინ, ციხის გარეთაც ჩაატარა პოლიციამ სპეცოპერაცია და ქურდული სამყაროს წევრები დააკავა. იქაც “ობშიაკის” თემა იყო. კატეგორიულად იმის თქმა, რომ კრიმინალური სამყაროს გავლენა აღმოიფხვრა, გნებავთ ციხეებში და გნებავთ ციხის გარეთ, შეუძლებელია, მაგრამ აქეთ მივდივართ”, – განაცხადა სუბარმა.
მინისტრი შეეხო გახმაურებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც თითქოს 10 წლის ბავშვი, რომელიც გეგუთში ოჯახის წევრის მოსანახულებლად შედიოდა, ჩხრეკის მიზნით გააშიშვლეს და ბუქნები გააკეთებინეს. “ეს აბსოლუტური ტყუილია, მსგავსი ფაქტი არ ყოფილა, თუმცა ჩხრეკაზე გაცილებით სერიოზული პრობლემა ის არის, რომ ხშირად ბავშვებს იყენებენ ნარკოტიკის შესატანად. აკრძალული ნივთების, მათ შორის ნარკოტიკისა და ტელეფონის შეტანას ხშირად ცდილობენ სხვადასხვა მეთოდით, უკანა ტანით, გალავანზე გადაგდებით და სხვა”, – განაცხადა სუბარმა.
სოზარ სუბარმა ამავე ინტერვიუში აკრძალული ნივთების ციხეში შეტანის მცდელობისთვის დაკავებული თანამშრომლების შესახებაც ისაუბრა.
“თავისუფლების მეტროსთან დააკავეს ჩვენი ექიმი ნარკოტიკით, რომელიც, სავარაუდოდ, ციხეში უნდა შეეტანა. მასზე დიდი ხანია ვიცოდით, რომ მსგავს რამეში იყო ჩართული და თვალყურს ვადევნებდით. ტელეფონის შეტანაზე რუსთავში დაიჭირეს ექიმი, ასე, რომ მცდელობა სულ არის”, – განაცხადა სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები