აკაკი წერეთლის დაბადებიდან 185 წელი შესრულდა
185 წელი შესრულდა აკაკი წერეთლის დაბადებიდან. საქართველოს კულტურის სამინისტრო უდიდეს პატივს მიაგებს აკაკი წერეთლის უკვდავ ღვაწლსა და სახელს.
„სხვები სხვანი არიან და შენ ერთადერთი აკაკი ხარ“ – ასე მიმართავდა მას ილია ჭავჭავაძე.
ერთადერთი იყო თავისი ბიოგრაფიითაც, – არასოდეს რომ უმსახურია და მაინც, მთელი ცხოვრება ერის სამსახურში განვლო.
უდიდესი წვლილი შეიტანა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“, ასევე, ქართული დრამატული საზოგადოების დაარსებასა და საქმიანობაში; „აკაკის თვიურ კრებულსაც“ გამოსცემდა და სატირულ-იუმორისტულ „ხუმარასაც“, მაგრამ ამის აღნიშვნით, მიახლოებითაც ვერ წარმოვაჩენთ მის დიდ ეროვნულ ღვაწლს.
ამ ღვაწლზე გურამ ასათიანის შეკითხვა უკეთ მიგვანიშნებს: „ვინ იცის, ილია რომ არა, აკაკი რომ არა, რანი ვიქნებოდით დღეს?!“
შემოქმედება? მარტო „განთიადის“ დასახელებაც საკმარისია. ნოდარ დუმბაძეს არც კი სჯეროდა, კაცის დაწერილი რომ იყო, პირდაპირ ღმერთის ბაგედან არის გადმოსულიო.
აკაკი წერეთლის იუბილეს აღნიშვნაც უკიდურესად პირობითია, რადგან საქართველოში არ არსებობს დღე, როცა ის არ ახსოვთ, როცა მის ლექსს არ წარმოთქვამენ, არ ისმენენ, არ მღერიან…
აკაკი გაწერელიას თქმით, „მარტო იმერელთა გიტარამ კი არ „მოიტაცა“ აკაკის ლექსების სიტკბო, არამედ კახელების გუგუნმაც („დაიგვიანეს“…)… აკაკიმ მთელი საქართველო გამსჭვალა თავისი მელოდიით. ამ მხრივ, მას ანალოგი არ მოეძებნება“.
ჩვენი სახელმწიფო ჰიმნიც ხომ მისი უკვდავი სტრიქონებით იწყება: „ჩემი ხატია სამშობლო“…
ისევ გურამ ასათიანი: „ქართველი ერის შეგნებაში აკაკი წერეთელი სამუდამოდ დარჩენილია მოხუცი ბულბულის სახით, ისე, როგორც იაკობ ნიკოლაძის ხელით ქვაში უკვდავყოფილი, იგი ყოველდღე გვხვდება ოპერის ბაღთან, მლოცველივით სახე ზეაპყრობილი, ცრემლმორეული, დაღლილი თვალებით““, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.