თენგიზ შარმანაშვილი ჯინ შაჰინის განცხადებაზე: ბაჩიაშვილის დონეზე რომ ადამიანი დაეშვება, დემოკრატიის შუქურად წარმოაჩენს და მის დაცვას დაიწყებს, ეს ყველაფრის მანიშნებელია
„რომელი ბაირახტარი ბაჩიაშვილი არის ქართული დემოკრატიის, რომ ასე გამოენთნენ და „მეგობარი აქტის“ მიღებას და რაღაცებს უკავშირებენ. ის არის მათი ერთი ჩვეულებრივი აგენტი, რომელსაც თავის საქმეს აკეთებინებდნენ და ახლა იცავენ,“ – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
„ბაჩიაშვილის დონეზე რომ ადამიანი დაეშვება, დემოკრატიის შუქურად წარმოაჩენს და მის დაცვას დაიწყებს, ადამიანის, რომელიც ითვისებდა სხვის ფინანსებს და ფულს ათეთრებდა, რომელზედაც ქართულმა მართლმსაჯულებამ განაჩენი უკვე დააყენა, ეს ყველაფრის მანიშნებელია“, – აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, სენატორი ჯინ შაჰინი, გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით სოციალურ პლატფორმაზე განცხადებას ავრცელებს. შაჰინი წერს, რომ ბაჩიაშვილის გატაცების შესახებ ცნობები დემოკრატიაზე დარტყმას წარმოადგენს.